ახალი ამბები

შატილის ავარიაში დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – რატიანი

31 აგვისტო, 2020 • 2259
შატილის ავარიაში დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე 3 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად დაუდასტურა.

მანამდე რატიანმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, თუმცა სამივე მათგანი მაინც რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება.

“სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით. მართალია, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები აღდგენილია. ჰემოდინამიკა აღდგენილია, ასევე ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.

რაც შეეხება მესამე ქალს, რომელიც არის 32 წლის, მას გუშინ ჩაუტარდა სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია”, – ამბობს რატიანი.


შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი