ახალი ამბები

FB-პოსტები არ ეყოფა, საჭიროა სამართლებრივი რეაგირება – ხოშტარია “პატრიოტთა ალიანსზე”

31 აგვისტო, 2020 • 952
FB-პოსტები არ ეყოფა, საჭიროა სამართლებრივი რეაგირება – ხოშტარია “პატრიოტთა ალიანსზე”

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ფორმალობას და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოს უწოდებს საქართველოს პროკურატურის პასუხს “პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების თაობაზე.

ელენე ხოშტარიამ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში შეიტანა განცხადება მას შემდეგ, რაც ჟურნალისტურმა პლატფორმამ “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის], რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის პრეზიდენტის ფონდთან და უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ. გენერალურმა პროკურატურამ განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის გააგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რომელიც პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს. პატრიოტთა ალიანსი “დოსიეს” მიერ გავრცელებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის ნამდვილობას უარყოფს და პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს.

ელენე ხოშტარიას თქმით, “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში იკვეთება არა მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის პრობლემა, არამედ სისხლისსამართლებრივი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რაც სუს-ის და პროკურატურის გამოსაძიებელია.

“დოსიეში მოყვანილი არის კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც კრემლთან დაახლოებული ადამიანები აძლევენ საქართველოში არჩევნებში მონაწილე “პატრიოტთა ალიანსს”. ეს არ არის მხოლოდ ინსტრუქცია, ჩვენ უკვე ვხედავთ “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ვნახეთ ბათუმში კონკრეტული პროვოკაციული, შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივება წარმოადგენს სწორედ კრემლის ინსტრუქციას”, – განაცხადა ხოშტარიამ.

გასულ კვირას აჭარაში გამოჩნდა “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერები, რომელზეც, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, საქართველოს რუკაზე აჭარაც წითლად იყო აღნიშნული. ბანერზე ეწერა: „დაიცავი აჭარა“. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული “ბოკერია-სააკაშვილის პროვოკაცია იყოს”. მისი თქმით, ბანერები „სრულიად განსხვავებული სახით“ იყო შერჩეული, — „ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos“. მოგვიანებით ბანერები მუნიციპალურმა სამსახურმა ჩამოხსნა, განაცხადა რა, რომ რეკლამა უნებართვოდ განთავსდა.

“პატრიოტთა ალიანსის” ბანერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ “ქართული ოცნების” ლიდერები. მამუკა მდინარაძემ დაწერა, რომ “ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ“, ირაკლი კობახიძემ კი “პატრიოტთა ალიანსი” “შმატრიოტებად” მოიხსენია.

ელენე ხოშტარიას თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე “ფეისბუქ-პოსტებით რაღაცის შეფასება არ ეყოფა და სახელმწიფომ სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს”.

“რუსული პროპაგანდა სიახლე არ არის. არც ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას და არც ის, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მტრული სახელმწიფოს მიერ მართული პარტიაა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაგირება, რომელიც ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – აცხადებს დეპუტატი და კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას და სუსს, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობა.

“სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსული ინტერესების გატარებაზე ამ ქვეყანაში სრულად დაეკისრება “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ამ თემაზე:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი