ახალი ამბები

ბანერი განსხვავებული სახით იყო შერჩეული, ეს მტრების დაგეგმილია – ინაშვილი

29 აგვისტო, 2020 • 1939
ბანერი განსხვავებული სახით იყო შერჩეული, ეს მტრების დაგეგმილია – ინაშვილი

არაერთი მოქალაქის პროტესტის ფონზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ბანერები, რომლებმაც დღეს აჭარის ოკუპირებულად მონიშვნის გამო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, „სრულიად განსხვავებული სახით“ იყო შერჩეული, — „ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით – sos“.

„მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოოო ვარიანტი ეს იყო“, – წერს ინაშვილი ფეისბუკზე.

„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა“.

ინაშვილის მტკიცებით, ასეთი იყო ბანერი ორიგინალში

ინაშვილმა 29 აგვისოტს საღამოს ფეისბუკზე დაწერა, რომ აქვს „100%-ით სანდო და სარწმუნო ინფორმაცია“, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია — რომლებსაც ინაშვილი მუდმივად აკრიტკებს, — „50 000-დან 1 000 000 ლარს ზემოთ თანხას სთავაზობენ“ ადამიანებს, რომლებიც მათი პარტიიდან „შიდა ინფორმაციას გაიტანენ“.

„ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმები… ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა“, – წერს ინაშვილი.

ინაშვილს აღნიშნული „ინფორმაციის“ წყარო არ დაუსახელებია.

„ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები“, – წერს იგი.

ნახეთ ასევე:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი