ახალი ამბები

შეიძლება კარგად ვერ გამოვხატე, ან „სმაილები“ უნდა დამემატებინა — მუსხელიშვილი

11 ოქტომბერი, 2022 • 2107
შეიძლება კარგად ვერ გამოვხატე, ან „სმაილები“ უნდა დამემატებინა — მუსხელიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა მუსხელიშვილი განმარტავს საკუთარ პოსტს, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია ფეისბუკზე.

მარინა მუსხელიშვილი ამბობს, რომ არ არის “პუტინისტი და გულშემატკივრობს უკრაინას, სადაც საქართველოს ბედიც წყდება”.

„გუშინ, ისევე, როგორც ყველა, ველოდი პუტინის მხრიდან უკრაინის დასჯას ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის და კიდევ მეტს ველოდი, ვიდრე მოხდა. როდესაც დავინახე, რომ კიევი შედარებით (ჩემს მოლოდინთან) ნაკლებად დაზიანდა, ცოტა გავმხნევდი. შუშის ხიდის ვერაფეთქების კადრები ირონიულიც კი მომეჩვენა და მომინდა კომენტარი იმაზე, რომ ადამიანები იღუპებიან, შუშის ხიდები კი რჩება. შეიძლება კარგად ვერ გამოვხატე, ან სმაილები უნდა დამემატებინა პოსტში. სხვათა შორის, ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი შუშის ხიდის მიმართ არაერთხელ გამომითქვამს. იმედი მქონდა, რომ 2012 წლის შემდეგ რიყეს მოევლებოდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა“, — წერს მარინა მუსხელიშვილი და დასძენს, რომ ამ საკითხზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების საპასუხოდ, 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი უბნები დაბომბა, რასაც 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიბომბა კიევში ე.წ. კლიჩკოს შუშის ხიდი, თუმცა არ დანგრეულა.

მარინა მუსხელიშვილი ამ ფაქტს ფეისბუქზე პოსტით გამოეხმაურა, რომელიც მალევე წაშალა:

„შემოდგომის ამინდია მშვიდი, მზეზე ისევ ელავს შუშის ხიდი. ვერ ვიტან შუშის ხიდებს. აი, შუშის ხიდი რომ გადარჩა, ამას ვერ ვინელებ. ერთი სიკეთე შეეძლო პუტინს და ისიც ვერ ქნა! ყველანი დავიხოცებისთ და ეს შუშისხიდები ამაყად იბატონებენ ნანგრევებზე“, — წერდა მარინა მუსხელიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი