ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ არ არიან მზად ქართულ-აფხაზური საზოგადოებები პირდაპირი დიალოგისთვის

31 აგვისტო, 2020 • 1397
რატომ არ არიან მზად ქართულ-აფხაზური საზოგადოებები პირდაპირი დიალოგისთვის

ავტორი: ზურა წურწუმია, თბილისი


მოლაპარაკებების აფხაზური მოდელები

სოხუმიდან გახმიანებულ განცხადებებს თბილისთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზე განსხვავებული რეაქციები მოჰყვა ორივე საზოგადოებაში. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო არც ქართული და არც აფხაზური საზოგადოება ჯერ მზად არ არის პირდაპირი დიალოგისთვის. უფრო მეტიც, თუკი აფხაზური ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ხმამაღალი განცხადებებით ამტკიცებდა, რომ ეს დიალოგი მათ არ სჭირდებათ, ქართულმა საზოგადოებამ იგივე მოსაზრება თავისი დუმილით გამოხატა.

მოქმედი აფხაზური ხელისუფლების სამმა წამყვანმა ფიგურამ ივლისი-აგვისტოს თვეში თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე განაახლა საუბარი. გარდა ამ საკითხისა, ბჟანია, ანქვაბი და შამბა გალის მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხნენ. რეაქციები თბილისსა და სოხუმში განსხვავებული იყო.

საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ პასუხობს ამ გზავნილებს, არც ქართულ საზოგადოებაში ან პოლიტიკურ წრეებში გაუმახვილებიათ დიდი ყურადღება, ხოლო სოხუმში ამ განცხადებებმბა ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ აფხაზური პოლიტიკა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. 24 ივლისს საკითხზე მსჯელობა დე ფაქტო პარლამენტის კომიტეტის ფარგლებშიც შედგა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პარტიის წარმომადგენელმა, გარდა „ამცახარასი“. შეხვედრას არც ბჟანია დასწრებია.

ხელშეკრულება თბილისთან

აფხაზური ხელისუფლების მთავარი ინტერესი ცეცხლის განუახლებლობაზე ხელშეკრულებას ეხება. მან დამოუკიდებლობის აღიარების საკითხიც კი ერთი შეხედვით  უკანა პლანზე გადასწია. ყველაზე მკაფიოდ ამ მხრივ ბჟანიამ განაცხადა:

„თბილისისგან ჩვენ არ ვითხოვთ აფხაზური სახელმწიფოს ცნობას, მაგრამ ცეცხლის განუახლებლობაზე ხელშეკრულება ჰუმანიტარული, ეკონომიკური თუ სხვა სახის დიალოგის საშუალებას მოგვცემს“. პოზიცია, ერთი მხრივ, მოლაპარაკებების საწარმოებლად მზაობას გამოხატავს, რადგან დღის წესრიგიდან შლის მთავარ წინააღმდეგობას – აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს. 

თუმცა ორი საკვანძო საკითხი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს:

  1. აფხაზი ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის სტატუსი არავისთან არ განიხილება;
  2. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სერგეი შამბამ განაცხადა, რომ 2008 წლის ომისა და რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შემდეგ საქართველო მათთვის მთავარ საგარეო საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ცხადია, რომ რეგიონში რუსეთის ღია სამხედრო წარმომადგენლობა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სოხუმისთვის უსაფრთხოების უფრო რეალური გარანტიაა, ვიდრე თბილისთან დადებული ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება.

სწორედ ასეთ პოლიტიკურ რეალობაში თბილისთან დიალოგის დაწყების წინაპირობად მსგავსი შეთანხმების წამოყენება უფრო მეტად 1992-93 წლებისა და 2008 წლის ომების შედეგების პოლიტიკური და სამართლებრივი დაკანონების მცდელობაა, ვიდრე რეალური დიალოგისთვის მზადყოფნის ჩვენება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ განცხადებებზე აფხაზური საზოგადოების რეაქცია. ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ პასიურ მდგომარეობაში გადასული ოპოზიცია სწორედ თბილისთან დიალოგზე გაკეთებულმა განცხადებებმა გამოაცოცხლა.

დისკრედიტირებულ ხაჯიმბასა და მისი გუნდის  სათქმელს ამ ეტაპზე ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ ახმოვანებს. ორგანიზაციის წევრები ყველაზე რადიკალურ პოზიციაზე დგანან. ისინი არათუ დიალოგს არ უჭერენ მხარს, არამედ ენგურის ზოლის სრულ ჩაკეტვასა და საქართველოსთან ყოველგვარი უერთიერთობის გაწყვეტაზე საუბრობენ. მათი პოპულისტური განცხადებები ძირითადად ომით მანიპულირებაზე დგას.

წლების განმავლობაში საქართველოსგან მტრის ხატის შექმნით დაკავებული აფხაზური საზოგადოებისთვის კი ეს ფსიქოლოგიურ ბარიერებსაც ქმნის. საკმარისი იყო, „არუაას“ განცხადებები გაევრცელებინა, ქვეტექსტით „ამისთვის ვიბრძოდით?!“ რომ აფხაზურ სოციალურ ქსელში დაიწყეს ომის მონაწილეებისა და მსხვერპლების გახსენება. განსაკუთრებით იხსენებდნენ 1993 წლის სექტემბერში ოჩამჩირეში მოკლული ჟენია კაზანბას ისტორიას.

მსგავსი მორალური ბარიერები სახასიათო გახდა აფხაზური საზოგადოებისთვის, რომელიც სოხუმის დე ფაქტო მთავრობის ამომრჩეველია. თუკი რეფერალური პროგრამით სარგებლობისას აფხაზურმა საზოგადოებამ კომფორტული გამოსავალი მოძებნა და მასზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, განსხვავებული ამოცანა დგას ღია პოლიტიკის განხორციელების დროს.

მასზე საჯაროდ საუბარი მოუწევთ. ჯერჯერობით, საზოგადოებიდან პირველი, ვინც ამ თემაზე საუბარი დაიწყო, ვეტერანთა ორგანიზაციაა. ისინი ქმნიან პირვანდელ ნარატივებსა და აყალიბებენ საზოგადოებრივ განწყობას. თბილისთან, თუნდაც ეკონომიკური ურთიერთობის დარეგულირებისთვის, ბჟანიას გუნდს საკუთარი მხარდაჭერის გარისკვა მოუწევს. მეორე მხრივ კი, ომით საზოგადოების მანიპულირება ამოუწურავი სოციალური კაპიტალი არ არის.

თაობის ცვლასთან ერთად მტრის ხატზე მოთხოვნა შესაძლოა შემცირდეს, თუმცა მსგავს საზოგადოებრივ ცვლილებას პოლიტიკური ნება სჭირდება, ხოლო ეს ნება აფხაზურ საზოგადოებას ჯერ არ გამოუხატავს. მათთვის ომის თემის მივიწყება უფრო ადვილი გამოსავალი შეიძლება იყოს, ვიდრე ამ თემის გადახედვა და ხელახლა გააზრება, რადგან ეს უკანასკნელი საკუთარი შეცდომებისა და წარუმატებლობის აღიარებას გულისხმობს.

გალის საკითხი

ანქვაბის განცხადებით, გალის ქართველი მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტის ჩამორთმევა არასწორი იყო. შამბამ კი მათი სამართლებრივი მდგომარეობა შეაფასა როგორც შეურაცხმყოფელი. დე ფაქტო ხელისუფლებისთვის გალის რაიონისადმი მნიშვნელობა იმითაც გამოიხატება, რომ ახლად დანიშნული გამგებელი კონსტანტინე ფილია ბჟანიას ნათესავი, მისი მძახალია.

აფხაზურ პასპორტებზე საუბრის პარალელურად, სოხუმმა ორი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა: გაუქმდა 2003 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედითაც მიწის გადასახადი გალის რაიონში სხვა რაიონებთან შედარებით მეტი იყო; გაუქმდა 2019 წლის ნოემბერში გაცემული განკარგულება, რომლის მიხედვითაც გალში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშრისო ორგანიზაციების პროექტების ბიუჯეტის 5%  გალის საბავშო სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გადარიცხულიყო.

გალის რაიონისადმი სოხუმის დამოკიდებულება წლების განმავლობაში იცვლებოდა. 1998 წლამდე სოხუმი ამ რაიონს სრულად ვერც აკონტროლებდა. თუკი ხაჯიმბას ხელისუფლების წარმომადგენლად გალში იგივე „არუაას“ ერთ-ერთი ლიდერი თემურ ნადარაია აშკარად ანტიქართული განწყობებით ხელმძღვანელობდა, ბჟანია-ანქვაბის ხელისუფლება უფრო რბილ ძალად აღიქმება.

აფხაზური პასპორტების გაცემა ადგილობრივებისთვის მხოლოდ კორუფციასთან ასოცირდება. ამ გზით გალში დღემდე თითქმის ყველა დოკუმენტის მიღება არის შესაძლებელი. მსგავსი რეალობა კი ნდობის პრობლემას აჩენს სოხუმსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ამჟამინდელი ხელისუფლების რბილი პოლიტიკა შესაძლოა დაკავშირებულია როგორც ენგურზე ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებასთან, ასევე – შიდა პოლიტიკასთან, კერძოდ კი, არჩევნებთან.

პირველ შემთხვევაში ადვილად იკვეთება კავშირი გალის მოსახლეობის სამართლებრივი მდგომარეობის შემსუბუქებასა და ენგურზე ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგებას შორის. სოხუმის ინტერესი ბიუჯეტის ზრდაშია, ხოლო გალში მოყვანილი თხილის უდიდესი ნაწილი, ბჟანიას თქმით, ენგურს ყოველგვარი გადასახადების გარეშე კვეთს.

ადგილობრივებისთვის მოქალაქეობის საკითხის დადებითად გადაჭრა და საკუთრების უფლების მინიჭება ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას ნიშნავს. ამგვარი საქმიანობის ლეგალიზაცია, სავარაუდოდ, შედარებით თავისუფალი მიმოსვლის აღდგენასაც უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს თავისუფლება მხოლოდ აფხაზეთის პასპორტის მქონე გალის მაცხოვრებელზე გავრცელდება თუ მათ ნათესავებზე ან სხვა დევნილებზეც, რომელთაც ოჯახის წევრების, სახლის ან ოჯახის წევრთა საფლავების მონახულება სურთ?

რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ნაწილს, ის, სავარაუდოდ, არჩევნებთან არის დაკავშირებული. აფხაზეთის დე ფაქტო სტატისტიკის სამსახურის ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გალის რაიონში 30 268 ადამიანი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 12.3%), ხოლო მთლიანად აფხაზეთში 43 646 (მთლიანი მოსახლეობის 17.7%) ქართველია.

2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისას, იმ პირობებში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ხაჯიმბა არაერთი მიზეზის გამო დისკრედიტირებული, ხოლო მისი რეიტინგი ძალიან დაბალი იყო, იმდროინდელმა ოპოზიციამ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვა. სხვაობამ კანდიდატებს შორის და არჩევნების ზოგადმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ რამდენიმე ათასი ხმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია აფხაზურ არჩევნებში.

მაგალითისთვის, 2019 წლის მონაცემებით, აფხაზეთში რეგისტრირებული იყო 127 232 ამომრჩეველი და მათგან მხოლოდ 65.99%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ამასთანავე, სხვაობა ორ მთავარ კანდიდატს შორის ხაჯიმბას სასარგებლოდ იყო მხოლოდ 1027 ხმა. სამართლებრივად კრიტიკული ვითარება შექმნა ყველას წინააღმდეგ მიცემულმა 3155-მა ხმამ. ოპოზიციის სასამართლო აპელაცია ემყარებოდა სოხუმში მოქმედი კონსტიტუციის მუხლს, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულს მოწინააღმდეგე კანდიდატსა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმებზე მეტი ხმა უნდა მიეღო. უპრობლემო გამარჯვებამდე ხაჯიმბას 2128 ხმა დააკლდა.

ეს არჩევნები კი იმ პირობებში ჩატარდა, როდესაც გალის რაიონში მხოლოდ 1400-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მომავალ ე.წ. საპარლამენტო და შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებზე გალის მოსახელობის ხარჯზე გაზრდილი ლოიალური ამომრჩეველი გამარჯვების უფრო მეტი გარანტიაა სწორედ იმ პოლიტიკური გუნდისთვის, ვინც მათ ამ სამოქალაქო უფლებებს დაუბრუნებს.

აფხაზ ლიდერებს არ უსაუბრიათ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მიმართ წარმოებულ საგანმანათლებლო პოლიტიკაზე. შამბას განცხადებით, მათი მიზანია ადგილობრივი ქართველების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაცია. თუმცა, რეალურად, ეს ასიმილაციის პოლიტიკაა. მშობლიურ ენაზე სწავლის აღდგენაზე სოხუმში ჯერ არავინ საუბრობს.

მსგავსად თბილისთან დიალოგის განცხადებებისა, ბჟანიას მთავრობას გალის მიმართულებითაც სუსტი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. პოლიტიკურ პარტიებს ამ მიმართულებით უფრო მეტი მოტივაცია გააჩნიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ დე ფაქტო მთავრობას, რადგან ქართველებზე მოქალაქობის გაცემა მათ საარჩევნო კაპიტალზე უკუპროპორციულად აისახება.

თბილისის რეაქცია

სოხუმიდან გახმიანებული განცხადებების საპასუხოდ თბილისში პრაქტიკულად არც არაფერი თქმულა და არც გაკეთებულა. ცალკეულმა ექსპერტებმა განცხადებები შეაფასეს, მაგრამ მედიისთვის ეს თემა ცენტრალური არ გამხდარა. მთავრობის დონეზეც რეაქციისა და პასუხის გარეშე დარჩა ყოველივე. მიზეზი, ერთი მხრივ, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.

გარდა ამისა, ქართული საზოგადოება განსხვავებულად უყურებს და აფასებს კონფლიქტურ რეგიონებს. საუბარი არა მათდამი ინტერესის დაკარგვაზე, არამედ იმის აღიარებაზეა, რომ სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობები რეალურ მოთამაშეებს რეგიონში არ წარმოადგენენ. ისინი არ ან ვერ იღებენ რეალურ გადაწყვეტილებებს. საოკუპაციო ხაზს აკონტროლებს კრემლი, რომელიც მეორეს მხრივ ფინანსურად ინახავს დე ფაქტო მთავრობებს.

ამ უკანასკნელის კომპეტენცია და მიზანი კი მხოლოდ რეგიონის ტიტულოვანი ერების ინტერესების დაცვაა. თბილისის მხრიდან დაფინანსებული სამშვიდობო სოციალური პროგრამები ის მაქსიმუმია, რაც საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას შეუძლია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შესთავაზოს. კონფლიქტების მოგვარება და დეოკუპაცია სამომავლო საქმედ არის მიჩნეული. შესაძლოა ეს რეალობის სწორი აღქმაც არის და შეფასებაც.

თუკი აფხაზური მხარე ორმხრივ ინტერესებზე დამყარებული დიალოგისთვის არ არის მზად, ქართული საზოგადოება – მოლაპარაკებების უპერსპექტივობის პირობებში- შიდა სოციალური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზეა კონცენტრირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – პირდაპირ დიალოგზე მოთხოვნა არცერთი საზოგადოების დაკვეთა არ არის. მოთხოვნა ამგვარ დიალოგზე მცირდება, რადგან თუნდაც აღდგენილი ურთიერთობები არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი ამ რეგიონს დატოვებს. სოხუმში, სავარაუდოდ, კიდევ მეტი დრო დასჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ ენგურზე მდგარი რუსი მესაზღვრეები მათ მხოლოდ ქართველებისგან კი არ იცავენ, არამედ – თავად აფხაზებს დარაჯობენ და აკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი