ახალი ამბები

„მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ – გახარია

29 აგვისტო, 2020 • 1952
„მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ – გახარია

დღეს, 29 აგვისტოს, ბათუმის პორტში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. თავის სიტყვაში გიორგი გახარიამ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებსა და ქალაქის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

„ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზუსტი გეგმა გვაქვს ყოველდღიური გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა.

უნდა გვქონდეს ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ადრეც უნდა გაკეთებულიყო, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ბათუმის განვითარება ყველანაირი ჩვენ არ გვინდა და ის, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ამისთვის გვჭირდება განაშენიანების გეგმა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – თქვა გიორგი გახარია.

მისი თქმით, ბათუმის განაშენიანების გეგმაზე ტენდერი წელს გამოცხადდება, ერთ წელიწადში კი გეგმა დასრულდება.

„ეს უნდა იყოს განუხრელი კანონი თითოეული მშენებლისთვის. მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, რომ ვიფიქროთ ბათუმის იერ-სახეზე და რაც დაგვრჩა ის მაინც შევინარჩუნოთ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აცხადებს გიორგი გახარია.

მან გამოსვლისას ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უნდა გაკეთდეს ბათუმის შემოვლითი 13 კილომეტრიანი გზა და ბათუმი-სარფის გზა, რომელიც დაუერთდება შემოვლით გზას.

„სატრანზიტო ტვირთები ქალაქის შუაგულში არ გადიოდნენ. თითოეულ მოქალაქეს, ქვეყანას და ქალაქს ეკოლოგიურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდნენ.

ამ ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა. ეფექტური სახელმწიფო მანქანა და, რა თქმა უნდა, სამართლიანი სახელმწიფო აპარატი“, – თქვა გახარიამ.

___

ხელისუფლება უკვე 14 წელია, ყოველი არჩევნების წინ, დებს პირობას, რომ ბათუმის გენერალურ გეგმას მიღებს. გენგეგმის არარსებობის გამო ქალაქი ქაოტურად შენდება.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/160921/

მასალების გადაბეჭდვის წესი