ახალი ამბები

1000 სოფლის ინტერნეტიზაციისთვის საქართველოს $40 მლნ გამოვუყავით – მსოფლიო ბანკი

29 აგვისტო, 2020 • 1333
1000 სოფლის ინტერნეტიზაციისთვის საქართველოს $40 მლნ გამოვუყავით – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ გამოყო 35.7 მლნ ევრო (40 მლნ აშშ დოლარი), რათა საართველოში დაფინანსდეს პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

მსოფლიო ბანკის ცნობით, საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება.

მსოფლიო ბანკის თანახმად, „პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს“.

„Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში“, – წერს მსოფლიო ბანკი გავრცელებულ პრესრელიზში.

განცხადების თანახმად, პროექტი „ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების საშუალებით, რათა სოფლად ინტერნეტპროვაიდერებმა დაბალ ფასად შეძლონ კონკურენტული მაღალხარისხიანი ინტერნეტსერვისის მიწოდება“.

„პროექტი განხორციელდება არა-მეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით“, – წერს მსოფლიო ბანკი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პროექტის შესახებ 2020 წლის აპრილში საუბრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი