პროკურატურა აცხადებს, რომ გ.ს.-ს [სავარაუდოდ, გია საფაროვის] განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, 26 აგვისტოს თბილისში გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ.ს.-ს დანა დაარტყა გულმკერდის და თავის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ალადაშვილის კლინიკაში გადაყვანილი საფაროვი, გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმადვე, ამ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.
„ამასთანავე, მოწმის სახით გამოკითხვისას, დ.თ.-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. სამართალდამცველებმა გ.ზ., ბ.ბ., და დ.თ. 2020 წლის 27 აგვისტოს დააკავეს“, – წერს პროკურატურა.
პროკურატურამ გ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა. დ.თ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული). ბ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).
პროკურატურამ ბრალდებულების, გ.ზ.-ს, ბ.ბ.-ს და დ.თ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სასამართლო სავარაუდოდ დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძიების შესახებ.