ახალი ამბებისაზოგადოება

რა რეაგირება (არ) აქვს სახელმწიფოს “პატრიოტების” შესაძლო რუსულ კავშირებზე

28 აგვისტო, 2020 •
რა რეაგირება (არ) აქვს სახელმწიფოს “პატრიოტების” შესაძლო რუსულ კავშირებზე

რუსეთის ინტერესი და მზაობა, ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არჩევნებში, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველოს მიერ რუსული ოკუპაცია უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად არის აღიარებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ზოგადად საუბრობს სხვადასხვა ოპერაციაზე, რომელსაც რუსეთი საქართველოში გავლენის მოსაპოვებლად მიმართავს. თუმცა, როდესაც მიმდინარე კვირას ჟურნალისტურმა პლატფორმამ, “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა დადასტურებული არ არის], რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის პრეზიდენტის ფონდთან და უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ, ეს მასალები საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის გამოძიების დაწყების საკმარის მიზეზად ვერ იქცა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი გამოძიების დაწყების შესახებ მათ არ განუცხადებიათ.

რას წერს „დოსიე“

“დოსიეს” თანახმად, საქართველოში, სადაც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, როგორც ჩანს, კრემლი ფსონს დებს “პატრიოტთა ალიანსზე”, რომლის წევრები აქტიურად აკრიტიკებენ ნატო-სა და შეერთებულ შტატებს. „დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5- მლნ-იან ბიუჯეტზე, რომლის წარმომავლობა დადგენილი არ არის.

„დოსიე“ სტატიაში ხაზს უსვამს „რუსეთის ხელისუფლების სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისკენ მიდრეკილებას“ და წერს, რომ ქვეყანაში, საგარეო დაზვერვის, ეფესბეს და გრუ-ს გარდა, მეზობელ რესპუბლიკებს ზედამხედველობს „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისი უცხო ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებში“. ამ სტრუქტურას ხელმძღვანელობს ვლადიმერ ჩერნოვი.

გამოცემის თანახმად, ვლადიმერ ჩერნოვის უწყების სამდივნოდან მოიპოვეს სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო სახელმძღვანელო და ოპერატიული ინფორმაციები „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო გეგმებსა და ბიუჯეტზე.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

„დოსიე“ წერს, რომ შედგენილია მრავალმილიონიანი დოლარის დაფინანსების წინასაარჩევნო ბიუჯეტი, რედაქტირებულია კამპანიის ვიდეორგოლები, ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის დაქირავებულნი არიან მოსკოვური კომპანია POLITSECRETS ,კერძოდ კი, პოლიტიკური სტრატეგი სერგეი მიხეევი.

„დოსიეს“ ინფორმაციით, მიხეევს, თავის მხრივ, კურირებენ გენერალ ჩერნოვის ქვეშევრდომები – FSB-ს სარეზერვო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და GRU-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

“პატრიოტთა ალიანსის” პასუხი

“პატრიოტთა ალიანსი” POLITSECRETS-სთან რამე სახის კავშირს და “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებული მასალების ნამდვილობას უარყოფს; ადასტურებს თანამშრომლობას სხვა რუსულ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელსაც არ ასახელებს; ამბობს, რომ ასეთივე თანამშრომლობა აქვს 4 ამერიკულ და 2 ისრაელურ კომპანიასთან.

“სხვა ორგანიზაციებთან გვაქვს თანამშრომლობა, მაგრამ იმ ხალხთან [POLITSECRETS], ვისზეც თქვენ მეუბნებით – არა. აბსოლუტური სიცრუეა ყველაფერი, რაც გამოქვეყნდა. არც ის სქრინია “პატრიოტთა ალიანსის” ბიუჯეტის, ახლოსაც არ არის…”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.

წყარო: „დოსიე“

თევდორაძემ, ისევე, როგორც მისი პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა, არ დაასახელა ის რუსული საკონსულტაციო კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობს. თქვა, რომ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ და მედიასაც მაშინ ექნება მათთან შეხვედრისა და კითხვების დასმის საშუალება.

ირმა ინაშვილმა “დოსიეს” მიერ ინფორმაციის გავრცელება სააკაშვილსა და ბოკერიას დაუკავშირა და თქვა: „8 მლნ, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არის. 41 რომ ყოფილიყო, ალბათ 41 მლნ-იან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ“.

„მთავარი სიცრუე ერთია: ეს ბიუჯეტი თურმე მიგვაქვს პუტინთან. მაქვს კითხვა ყველასთან: 4-მა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა პესიმისტური. რატომ არ ამბობენ, რომ ბიუჯეტი მიგვაქვს ტრამპთან?!”- თქვა ინაშვილმა.

გამოძიების გარეშე

25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შეიტანა განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით.

„აქ არის დანაშაული – ამ პარტიის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, შპიონაჟი, ფინანსების მიღება ოკუპანტისგან. მე კვალიფიკაციებს ვერ ჩამოვთვლი, ამისთვის არსებობს ქვეყანაში პროკურატურა, წესით, რომ მსგავს საქმეებზე დაიწყოს გამოძიება, ყველანაირი მიმართვის გარეშე. აქ მოყვანილია ციტატები, პირდაპირი ინსტრუქციები რუსეთის მხრიდან, პირდაპირ კრემლთან მიმავალი ხაზით“, – განაცხადა ხოშტარიამ და დასძინა, რომ საქმის გამოძიება „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა თქვეს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა დარჩეს.

ამავდროულად, როგორც “პატრიოტთა ალიანსის” შესაძლო რუსულ კავშირებზე, ისე აღნიშნული პარტიის წევრების აფხაზეთში ვიზიტზე საუბრისას, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კრიტიკა წინა ხელისუფლებისკენ მიმართეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ელენე ხოშტარიას მოსკოვში მიღებული განათლება შეახსენა, საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ როცა ღიად დეკლარირებულ პრორუსულ ძალებზე ვლაპარაკობთ, “ამავე დროს უნდა ვილაპარაკოთ მათზე, ვინც  გარეგნულად თითქოს პროდასავლელები არიან, მაგრამ არანაკლებ რუსული საქმე აქვთ ნაკეთები ამ ქვეყანაში”.

საქართველოს პროკურატურაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ განიხილეს ელენე ხოშტარიას განცხადება, რომლითაც დეპუტატმა უცხო სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” შესაძლო დაფინანსების და პიარ სტრატეგიებით შესაძლო დახმარების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

“საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341-ე მუხლის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახლმწიფო აუდიტის სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურაში შემოსული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში”, – განაცხადა პროკურატურამ.

აუდიტის სამსახური კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეცნობა “დოსიეს” მასალებს და მისი ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში, გამოჩნდება, რა რეაგირების საშუალება ექნება მანდატის ფარგლებში .

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყება “პატიორტთა ალიანსთან” დაკავშირებული საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სადაც პროკურატურამ ხოშტარიას განცხადება გადაამისამართა, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ფინანსების მონიტორინგს ეწევა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, პროკურატურის ინტერპრეტაცია, რომ საქმე მხოლოდ აუდიტის სამსახურის უფლებამოსილების სფეროში ექცევა, არასწორია, ვინაიდან “დოსიეს” მასალებში აღწერილს, თუ ის ავთენტურია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ ორი მუხლი ესადაგება:

  1. მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)
    უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა.
  2. მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
    უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა.

“აუდიტის სამსახურიც უნდა დაინტერესდეს დაფინანსების ნაწილში, ვინაიდან პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან შემოწირულობის მიღება, მაგრამ აქ ოფიციალური საბანკო ტრანზაქცია, როგორც ჩანს, არ განხორციელებულა. ამიტომ არასწორია პროკურატურის დამოკიდებულება. უნდა დაწყებულიყო გამოძიება და მინიმუმ დაკითხულიყვნენ ის ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, ვინც არიან მითითებული მასალებში, შეესწავლათ მათი საქმიანობა, გადარიცხვები და სტატიაში აღწერილი გარემოებები. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ ტოვებს ცალსახა შთაბეჭდილებას მათი ავთენტურობის შესახებ, – არც ბეჭედი აქვს, არც ხელმოწერა, არც საბანკო გადარიცხვის ქვითარი და მტკიცებულებად ვერ გამოდგება, – გამოძიების დაწყების საფუძველი ნამდვილად არსებობდა”, – ამბობს ნატროშვილი.

რუსული ნარატივები ქართულ პოლიტიკაში

POLITSECRETS-ის დამფუძნებელია ვერა ბლაშენკოვა. „დოსიე“ წერს, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, სადაც აღწერილია, როგორ დაწვრილებით უხსნის ვერა ბლაშენკოვა „პატრიოტთა ალიანსს“, თუ როგორ უნდა მიიმხრონ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, როგორ წაართვან ხმები სხვა პოლიტიკურ პარტიებს — „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ — და საპროტესტო განწყობები გააღვივონ.

„დოსიეს“ თანახმად, ეს მესიჯები, რაც მოსკოვში წინასაარჩევნოდ გაწერეს „ალიანსისთვის“, დეტალურადაა ჩამოთვლილი. მაგალითად:

  • „თუ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, საახალწლოდ ვნახავთ უმუშევრობისა და მოსახლეობის გადინების პიკს. ქართველები კვლავ გახდებიან არალეგალური მიგრანტები ევროკავშირში“;
  • „თუ ნაციონალური მოძრაობა/ევროპული საქართველო მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი გაგზავნის ტურისტებს თურქეთში, ხელს შეუწყობს სოხუმის და ცხინვალის ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დისტანცირდნენ და გაწევრიანდნენ რუსეთის ფედერაციაში;
  • „ამერიკელებისგან მატერიალური დახმარების მისაღებად მათი მომხრეები თანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტებს „ადრეული სექსუალური აღზრდის“ სახით, ხელს უწყობენ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას (როგორც გავიგეთ, ამას უკვე აკეთებს პატრიოტთა ალიანსი“;

კიდევ ერთი სექცია შეეხება სხვა პარტიების შესახებ შემდეგი ინფორმაციის გავრცელებას ამომრჩეველზე მანიპულირების მიზნით:

  • „უამბეთ ამომრჩეველს ევროპული საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობის, ქართული ოცნების წარმომადგენლების შესახებ — რას ჭამენ, რას სვამენ, რა აცვიათ, რა მანქანებს მართავენ, სად ისვენებენ, სად სწავლობენ მათი შვილები … სად მკურნალობენ, რა საბანკო ანგარიშები აქვთ, რა ღირს მათი სამკაულები, ანტიკვარული ნივთები, ნახატები… ქვეყნის საერთო სიღარიბის ფონზე მოხდეს დემონსტრირება: მათი ავტომობილის ერთი საბურავის ფასი უდრის ერთი გამყიდველის 6 თვის ხელფასს; ერთი ანტიკვარული სკამის ღირებულება უდრის საშუალო მოქალაქის სახლის ღირებულებას“…

საუბარია ოპოზიციური პარტიების გაყოფის გზაზეც, ამომრჩევლისთვის იმის გამეორებით, რომ ისინი „აგრესიულები არიან, არ შეუძლიათ მოლაპარაკება, სძულთ ერთმანეთი და შეუძლიათ, ნებისმიერ მომენტში უღალატონ ერთმანეთს“ და ა.შ.

თამარ კინწურაშვილი

თამარ კინწურაშვილი, რომლის დაფუძნებული “მედიის განვითარების ფონდი” 2015 წლიდან აკვირდება ანტიდასავლური ნარატივების გავრცელებას საქართველოში, ამბობს, რომ “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში “გასაკვირი არაფერია” და “პატრიოტთა ალიანსის” გზავნილები თანხვედრაშია იმასთან, რაც ჟურნალისტურ გამოძიებაში წერია.

 

“პატრიოტთა ალიანსს” თავიდან ვუწოდებდით ანტიდასავლური ნარატივების გამავრცელებელს, რომლის გზავნილები ემთხვეოდა პრორუსი აქტორების გზავნილებს. 2016 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც პარლამენტში მოხვდნენ, მათ ღიად დაიწყეს საუბარი რუსეთთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. იმ გზავნილებზე დაყრდნობით, რასაც “პატრიოტები” ავრცელებენ, – ებრძვიან ამერიკულ ორგანზიაციებს, ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ნატო-ს წინააღმდეგ, ისტორიული ტრავმის საფუძველზე ცდილობენ ანტითურქული განწყობების გაღვიებას და ამით რუსეთის ოკუპაციიდან ფოკუსის თურქეთზე გადატანას და სხვა, – ცხადია, რომ ეს არის ღიად კრემლისტური პარტია”, – მიიჩნევს კინწურაშვილი.

მისი თქმით, რუსეთი კარგად იცნობს, რა საკითხების მიმართ არის მოწყვლადი ქართული საზოგადოება და ჰიბრუდული ომს სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აწარმოებს, მათ შორის, ადგილობრივი აქტორების დახმარებით.

“მაგრამ ერთია, რუსეთი რას აკეთებს და მეორე – საქართველოს სახელმწიფო რას პასუხობს. ჰიბრიდულ ომში ცალკე აღებული მედიასაშუალება, NGO ვერ იქნება შედეგზე ორიენტირებული, თუ ამ საქმეში მისი მოკავშირე არ არის ხელისუფლება. ხელისუფლება კი რუსეთის არგაღიზიანების შიშით ან თავს არიდებს, ან ლოიალურია იმ აქტორების მიმართ, რომლებიც რუსულ ინტერესებს ატარებენ. როცა “ქართული ოცნება” მტრად აცხადებს შიდა ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას უწყობენ ხელს, იქნება ეს კრიტიკული მედია თუ არასამთავრობო სექტორი, და მოკავშირედ იხდის “პატრიოტთა ალიანსს”, მასთან დაკავშირებულ მედია “ობიექტივის” წარმომადგენლებს ირჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ ასაქმებენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პროექტებში, – ეს აჩვენებს, რა პოლიტიკური გემოვნება აქვს მმართველ პარტიას და როგორ (არ) უწევს ის წინააღმდეგობას მტრული სახელმწიფოს ინფორმაციულ ოპერაციებს”, – ამბობს კინწურაშვილი.

რუსეთის ჰიბრიდული ომის საპირისპიროდ სახელმწიფო პოლიტიკის არქონაზე საუბრობს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილიც.

“რუსეთის ფედერაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ცდილობს არჩევნებში ჩარევას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის და პოლარიზაციის გზით საკუთარი პოზიციების გამყარებას. უამრავი პირდაპირი და არაპირდაპირი ინდიკატორი მეტყველებს, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა, საქართველოში იყოს არასტაბილური ვითარება, საზოგადოების პოლარიზაცია. საუკეთესო პლაცდარმი და დრო ამისთვის არის არჩევნები. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს ქართული საზოგადოება გახლეჩილი, რაც შეიძლება მეტად იყოს დემონიზებული დასავლეთი და რაც შეიძლება მეტი ბუნდოვანება შეიტანოს ჩვენს მომავალში. როდესაც “პატრიოტთა ალიანსი” ლაპარაკობს ნეიტრალიტეტზე, ეს ზუსტად იმის მცდელობაა, რომ შეიტანოს ბუნდოვანება მომავალში, რომლის შესახებაც საქართველსო მოქალაქეების 70%-ზე მეტს არჩევანი გაკეთებული აქვს”, – აცხადებს რაქვიაშვილი და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს აქვს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ბერკეტები, გამოავლინოს და ხელი შეუშალოს მტრულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ინტერესჯგუფებს, მმართველ პოლიტიკურ კლასს არ აქვს ამის მონდომება.

ლევან ნატროშვილი, ასევე, მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ინტერესჯგუფები სწორედ სახელმწიფოს პასიურობის გამო თავისუფლად გრძნობენ თავს ქვეყანაში და ის გადაწყვეტილება, რომელიც პროკურატურამ ჯერჯერობით მიიღო, არ დაეწყო გამოძიება “დოსიეს” მიერ გამოქყვეყნებულ მასალებზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელემწიფო, რბილად რომ ვთქვთ, თავს იკავებს რუსეთის ინტერესების სასარგებლო პოლიტიკის წინააღმდეგ აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი