ახალი ამბები

როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა რომ ოკუპანტია – კილაძე ხოშტარიაზე

25 აგვისტო, 2020 •
როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა რომ ოკუპანტია – კილაძე ხოშტარიაზე

“ელენე ხოშტარია, თვითონ როდესაც სწავლობდა ოკუპანტ ქვეყანაში, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ის ქვეყანა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ტესტი იქნება “პატრიოტთა ალიანსის” რუსული დაფინანსების შესახებ გამოძიება.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ელენე ხოშტარიას დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მმართველი გუნდი ხშირად ახსენებს მას ამ ფაქტს. ამავდროულად, თავად “ქართულ ოცნებაში” არიან წევრები, რომელთაც განათლება ასევე რუსეთში აქვთ მიღებული, მათ შორის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი,  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კი პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შეიტანა განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით. ხოშტარიას თქმით, საქმის გამოძიება „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

წინა დღეს ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ დაწერა, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და მათ საქმიანობაზე ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

“ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია”, – განაცხადა კილაძემ და დასძინა, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, პროკურატურის დისკრეციაა.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი