ახალი ამბები

თუ რუსეთიდან დაფინანსება დადასტურდება, რეაგირება უნდა მოჰყვეს – ოხანაშვილი “პატრიოტთა ალიანსზე”

25 აგვისტო, 2020 • 1101
თუ რუსეთიდან დაფინანსება დადასტურდება, რეაგირება უნდა მოჰყვეს – ოხანაშვილი “პატრიოტთა ალიანსზე”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ და ამასთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-თან” ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ დადასტურდება რუსეთიდან დაფინანსების ფაქტი, უნდა მოიხსნას თუ არა “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებიდან, ოხანაშვილი პასუხობს, რომ თუ ეს მტკიცებულებებით დადასტურდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

“იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფორმით ოფიციალურად შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება ეს დადასტურებული, რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამასი სამართლებრივი რეაგირება კონკრეტული უწყებების მხრიდან. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, ჩვენთვის ყოველთვის იყო წითელი ხაზი და ამიტომ თანმიმდევრულად ვამბობდით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობის იდეასაც კი, რომლებიც არიან გარკეული სიმპათიებით, გარკვეული ინტერესებით განწყობილი პრორუსულად”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილი, ასევე, გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” წევრების, ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას აფხაზეთში ვიზიტს და თქვა, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს.

“მეც მაქვს შეკითხვა, როგორ და რა ფორმით აღმოჩნდა და რა მიზანი ჰქონდათ? გასაგებია, ქალბატონი ირმა რასაც ამბობს, ეს არის ერთი, თუმცა მეორეა, როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოკუპირებულ აფხაზეთში, რა ფორმით — მე ვფიქრობ, ამ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმ ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შეიტანა განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით. ხოშტარიას თქმით, საქმის გამოძიება „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

წინა დღეს ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ დაწერა, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და მათ საქმიანობაზე ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო რუსეთის მხრიდან დაფინანსების ფაქტი.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი