ახალი ამბები

ეგვიპტის ცესკოს სურს დააჯარიმოს 54 მლნ. მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა

27 აგვისტო, 2020 • 911
ეგვიპტის ცესკოს სურს დააჯარიმოს 54 მლნ. მოქალაქე, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა

ეგვიპტის ცენტრალურ საარჩევნო ორგანოს ყველა იმ მოქალაქის დასჯა სურს, რომელმაც არასაპატიო მიზეზით სენატის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. უწყების თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ პირთა სია პროკურატურას გადაეცემა მათი შემდგომი დაჯარიმების მიზნით. ეგვიპტის კანონით, მოქალაქეებისთვის ხმის მიცემა სავალდებულოა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლაშინ იბრაჰიმის გადაწყვეტილების შესახებ ეგვიპტურმა მედიამ ცნობები 26 აგვისტოს გაავრცელა. მისი თქმით, გასულ კვირას გამართული არჩევნების წინა პერიოდში კომისიამ რამდენჯერმე გაუგზავნა წერილები ამომრჩევლებს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, და მოუწოდა, შეესრულებინათ “ეროვნული და კონსტიტუციური” ვალდებულება. თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა სენატის არჩევნების პირველ ტურში 14%-ს არ გასცდენია.

ამ მონაცემებით, არჩევნებზე სულ 8 959 000 ადამიანი მივიდა, მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით ხმის უფლება 62 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. გამოდის, რომ ეგვიპტის ცესკოს 54 მილიონზე მეტი ადამიანის დაჯარიმება სურს. კითხვაზე, როგორ აპირებს ამ რაოდენობის მოქალაქეებისგან ჯარიმების შეგროვებას, ცესკოს წყარომ დამოუკიდებელ გამოცემა Mada-ს უთხრა, რომ შესაძლებელია, უწყებამ საერთო განცხადება გაავრცელოს და “კანონის დამრღვევ” მოქალაქეებს ჯარიმის გადახდისკენ მოუწოდოს.

ეგვიპტის კანონით, მოქალაქე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, 500 ეგვიპტური ფუნტით ჯარიმდება, რაც ამჟამინდელი კურსით, $32-ია.

საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ეგვიპტის სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, ათობით მილიონ ადამიანს სახელმწიფომ ჯარიმის გადახდა აიძულოს. სხვები კი ამბობენ, რომ სახელმწიფო ყველა ხერხით ცდილობს, მოსახლეობისგან ფული მიიღოს.

სენატის არჩევნებით ეგვიპტის მოქალაქეებს 2014 წლის შემდეგ პირველად მიეცათ შესაძლებლობა, ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატა აერჩიათ. პრეზიდენტის დიდი ძალაუფლების ფონზე, პალატის უფლებამოსილება ძირითადად შემოიფარგლება რჩევებითა და რეკომენდაციებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი