ახალი ამბები

გოგორიშვილი ჩოხატაურში ნეპოტიზმის რისკზე საუბრობს, რასაც მერიაში უარყოფენ

25 აგვისტო, 2020 • 1586
გოგორიშვილი ჩოხატაურში ნეპოტიზმის რისკზე საუბრობს, რასაც მერიაში უარყოფენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შესაძლო ნეპოტიზმის შესახებ საუბრობს, რასაც მის მიერ ხსენებული პროგრამის დამფინანსებლები უარყოფენ.

25 აგვისტოს ხათუნა გოგორიშვილმა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია გურიაში, აუდიტის დასკვნასა და საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დადებულ მემორანდუმზე, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველ პირთა დახმარება იყო და თქვა, რომ 2016-17 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსების 90% ხელფასებზე დაიხარჯა.

ამასთან, მისი თქმით, პროგრამაში დასაქმებული შვიდი ადამიანიდან ოთხი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირის ცოლია, რაც ნეპოტიზმის ეჭვს აჩენს.

მუნიციპალიტეტი ბრალდებას უარყოფს და მიუთითებს, რომ აღნიშნული პირები წითელი ჯვრის შერჩეული კადრები არიან, რომელთაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მრავალი წლის გამოცდილება აქვთ, პროგრამის ბიუჯეტი კი გაცილებით მეტი იყო. ამ ინფორმაციას „წითელ ჯვარში“ ადასტურებენ.

რა წერია აუდიტის დასკვნაში

საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის იანვრით დათარიღებულ ანგარიშზე, რომელიც ჩოხატაურის 2016-17 წლების ბიუჯეტის შესაბამისობას სწავლობს.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2013 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა პროგრამა „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში“.

აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ამ ცენტრის 2016-17 წლების ბიუჯეტი 220.4 ათასი ლარით განისაზღვრა. ხათუნა გოგორიშვილის მიერ ნახსენები 96.5 ათასი ლარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამოყოფილი დაფინანსების წილი. გოგორიშვილს არ დაუსახელებია არც დონორი ორგანიზაცია და არც დაფინანსებაში მისი წილი.

როგორც აუდიტის ანგარიშში წერია, ამ თანხის [ბიუჯეტიდან დაფინანსებული წილის] 90%, ანუ 87.5 ათასი ლარი, დაიხარჯა „წითელი ჯვრის 7 თანამშრომლის ანაზღაურებაზე“. დანარჩენი 9,000 ათასი ლარით კი სხვა პროგრამული ხარჯები დაფინანსდა.

„ნეტგაზეთს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ, უთხრა: „აუდიტმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ მეტი საბუთი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია ყოფილიყო… მთავარი ფეიკი არის ის, რომ ქალბატონმა გოგორიშვილმა არ უნდა იკადროს, რომ სოციალურად დაუცველების თანხით ხელფასებს ვარიგებთ“, – თქვა მან.

აუდიტის ანგარიში მართლაც მსგავს რეკომენდაციას გასცემს. კერძოდ, იქ წერია, რომ „მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა — საქველმოქმედო აქციები, სამედიცინო კვლევა და ექიმის კონსულტაცია, ტრენინგები ხანდაზმულთა ჩართულობით, ბინაზე მოვლა, შემოქმედებითი საღამოები და სხვა, თუმცა ორგანიზაციის მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლს მუნიციპალიტეტი ვერ ახორციელებს“.

როგორც აუდიტი წერს, მუნიციპალიტეტი „არ ფლობს ინფორმაციას, რა ოდენობის თანხა მოიზიდა და დაიხარჯა პროგრამის მთლიანი ბიუჯეტიდან, კონკრეტულად რა აქტივობები განახორციელა მიღებული დაფინანსებით (გარდა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული დაფინანსებისა)“ და მიუთითებს, რომ „მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტი განხორციელებული პროგრამის ფარგლებში სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას მონაწილე მხარეების მიერ გაწეული დაფინანსებისა და აქტივობებზე გაწეული ხარჯების შესახებ“.

ეს, ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა, გაეკონტროლებინა თანადაფინანსებით გაწეული ხარჯები და პროგრამით მიღებული სარგებელი უკეთ შეეფასებინა. მერის თანახმად, აუდიტის დასკვნის შემდეგ ამ რეკომენდაციას ითვალისწინებენ.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ გენერალური მდივანი, ნინო ოსეფაიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ეს პროექტი მუნიციპალიტეტში 2011-12 წლების საჭიროებების სიღრმისეული კვლევის საფუძველზე დაიწყეს; მისი თქმითვე, „წითელი ჯვარი“ არაერთ მუნიციპალიტეტთან შედის თანადაფინანსებაში — „წითელი ჯვარი“ კონკრეტულ საქმიანობას აფინანსებს, თუმცა, როგორც დონორი ორგანიზაცია, ხელფასების ნაწილში არ შედის და პროექტში ჩართული ადამიანების დაფინანსებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

დასაქმებულები – ეჭვი ნეპოტიზმზე

ხათუნა გოგორიშვილის 25 აგვისტოს განცხადების თანახმად, პროგრამაში 7 დასაქმებულ პირს შორის არიან შემდეგი ადამიანები:

  1. თამარ კოროშინაძე, მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის, ვანო ცინცაძის ცოლი;
  2. ირინა მამალაძე, მერის მოადგილის, თამაზ ჯინჭარაძის ცოლი;
  3. ირინა ხოტრიშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი;
  4. ნათია გურგენიძე, ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის, თემურ ჩხიკვაძის ცოლი;

გოგორიშვილის თქმით, „პროგრამას თავისუფლად დავარქვათ ცოლების საქმიანობის დღის ცენტრი ჩოხატაურში“, რომ ყველა მათგანი დასაქმებულია ჩოხატაურის სხვადასხვა აიიპ-ში და სხვა ხელფასსაც იღებს, და ეს მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში ათეულობით ახალგაზრდაა, რომელიც ვერ შოულობს სამსახურს“.

აუდიტის დასკვნაში ამ ან სხვა ადამიანების სახელები ნახსენები არ არის და, როგორც ხათუნა გოგორიშვილმა თქვა ბრიფინგზე, ეს ინფორმაცია დამატებით მოიპოვა მუნიციპალიტეტში. „ნეტგაზეთმა“ ამ საკითხზეც სთხოვა განმარტებების გაკეთება ჩოხატაურის მერსა და „წითელ ჯვარს“.

„თავიდანვე მუშაობდნენ, წითელი ჯვრის კადრები არიან“

ჩოხატაურის მერმა დაგვიდასტურა, რომ ეს ოთხი ადამიანი მუშაობს ამ პროგრამაში, თუმცა ისინი 2013 წლიდან იქ არიან დასაქმებულები, — იქამდე, სანამ მათი ქმრები აღნიშნულ პოზიციებს დაიკავებდნენ. ამას გარდა, პროგრამის საკადრო ნუსხა „წითელ ჯვარს“ ეკუთვნის და არა მუნიციპალიტეტს. კერძოდ, მერმა გვითხრა, რომ:

  1. თამარ კოროშინაძე, პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ცინცაძის მეუღლე, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, როდესაც პროგრამა დაწყებული არ იყო, თანამშრომლობდა „წითელ ჯვართან“; ვანო ცინცაძე კი სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 3 წლის წინ გახდა, მანამდე კი, წლების განმავლობაში რიგითი თანამშრომელი იყო;
  2. „თამაზ ჯინჭარაძის მეუღლე ირინა მამალაძეც „წითელმა ჯვარმა“ აიყვანა, რომელიც მუშაობს რამდენიმე წელია და არსად სხვაგან არ მუშაობს“;
  3. ირინა ხოტრიშვილის მეუღლე, აკაკი ყაჭეიშვილი მოგვიანებით გახდა დეპუტატი, შემდეგ ლი- კომისიის თავმჯდომარე;
  4. ნათია გურგენიძე მართლაც არის თემურ ჩხიკვაძის ცოლი, მაგრამ თემურ ჩხიკვაძე არ არის ენერგოქსელების ხელმძღვანელი და ის „ენერგო პროს“ თანამშრომელია, რომელსაც ხელმძღვანელი პოზიცია არ უკავია.

„როგორ იქნება ნეპოტიზმი, როდესაც ჩვენ საკადრო პოლიტიკაში არათუ არა, არამედ ვერც ვერევით. წითელმა ჯვარმა თვითონვე შეარჩია კადრები. მუნიციპალიტეტი არ ამტკიცებს არც საშტატო ნუსხას“, – გვითხრა მერმა ირაკლი კუჭავამ და განაცხადა:

„ხაზი გავუსვა მინდა: ეს არის კარგი პროექტი. არჩევნების დროს, მესმის, ყველაფერი მოსულა, მაგრამ კარგი პროექტის „ჩაძირვა“ არ მოსულა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართული მნიშვნელოვანი პროექტი და ასეთი „ფეიკები“ დააზიანებს ამ და სხვა მსგავს პროექტებს“.

„წითელი ჯვრის“ განმატება

„წითელი ჯვრის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ოსეფაიშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში დაადასტურა, რომ საშტატო ნუსხა მართლაც ამ ორგანიზაციის შედგენილია და არა მუნიციპალიტეტისა [მან ასევე დაგვიდასტურა, რომ ჩამოთვლილი 4 ადამიანიდან 3 მუშაობს, ერთი კი, სავარაუდოდ, მოხალისეა].

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დაგვიდასტურა, რომ ეს ადამიანები 2011-12 წლებიდან თანამშრომლობენ „წითელ ჯვართან“, მათ შორის, თავდაპირველად- მოხალისეობრივად. ამასთან, მისი თქმით, პროექტში ვაკანსია გამოცხადდა და პრიორიტეტი მიენიჭა მათ, ვისაც ერთწლიანი მოხალისეობის გამოცდილება ჰქონდა. მან ასევე გვითხრა:

„ჩვენ პოლიტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალი ორგანიზაცია ვართ, ჩვენთან ყველანაირი ადამიანია, ყველა სფეროში და ყველა პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწე. ჩვენ ვართ ჰუმანიტარულ საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია… და მსგავსი პროექტებიდან ნამდვლად უზარმაზარი საქმე კეთდება, რასაც პოლიტიკას არ ვუკავშირებთ ნამდვილად და „წითელ ჯვარში“ კიდევ არაერთი ქალია, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ“…


გარეკანის ფოტოზე: ხათუნა გოგორიშვილი და ირაკლი კუჭავა

მასალების გადაბეჭდვის წესი