ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, „ჰამასმა“ კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ამჟამად უკვე ისრაელში იმყოფებიან.
როგორც BBC ისრაელის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, გათავისუფლებულ მძევლებს შორის 12 ისრაელის მოქალაქეა, ორი კი- ტაილანდის.
ეს „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლების მეხუთე ჯგუფია. ტყვეთა პირველი ჯგუფი ტერორისტულმა ორგანიზაციამ „წითელი ჯვრის“ შუამავლობით 24 ნოემბერს გადასცა ისრაელს — 4 ბავშვი და 9 ქალი თითქმის 50-დღიანი ტყვეობის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს. გარდა ამისა, „ჰამასმა“ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გაათავისუფლა. ამის საპასუხოდ ისრაელის ციხეები 39-მა პალესტინელმა დატოვა. შეთანხმების მიხედვით, ერთი გათავისუფლებული ისრაელელის სანაცვლოდ ციხიდან 3 პალესტინელს გაუშვებენ.
მძევლების მეორე ჯგუფი ჰამასმა 25 ნოემბერს გაათავისუფლა. შემდეგ ეტაპზე, 26 ნოემბერს, „ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის 6 ქალი და 7 ბავშვი იყო.
ამავე დღეს ჰამასმა წითელ ჯვარს მძევლების მესამე ჯგუფიც გადასცა. საუბარია 17 ადამიანზე, რომელთაგან 13 ისრაელის, 1 რუსეთის (ორმაგი მოქალაქე), 3 კი ტაილანდის მოქალაქე იყო.
მძევლების მეოთხე ჯგუფი — 9 ბავშვი და 2 ქალი — ღაზიდან 27 ნოემბერს გამოუშვეს. სანაცვლოდ ისრაელმა ციხიდან 33 პალესტინელი გაათავისუფლა.
„ჰამასისა“ და ისრაელის შეთანხმება ისრაელის მხრიდან თავდაპირველად ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას 4 დღით, ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის, მათ შორის, საწვავის შეშვებას (დღეში, საშუალოდ, 200 სატვირთო) და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. სანაცვლოდ „ჰამასმა“ დღეში 13-14 ისრაელელი ტყვის გათავისუფლების პირობა დადო. 4-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შეთანხმება დამატებით 2 დღით, 29 ნოემბრის ჩათვლით, გაგრძელდა.
მხარეებმა შესაძლოა, ამ შეთანხმების გაგრძელებაზე იმუშაონ.
ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.
გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
“ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.