ახალი ამბებისაზოგადოება

სამივეს დადებითი დინამიკა აღენიშნება — რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

25 აგვისტო, 2020 •
სამივეს დადებითი დინამიკა აღენიშნება — რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა აღინიშნება.

რატიანის განმარტებით, სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მათი ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე რამდენიმე საათის წინ იყო, რაც ექიმებს აიმედებს, რომ პაციენტები გამოჯანმრთელებას დაიწყებენ.

“ისინი მოთავსებულნი არიან ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში, მათი საშუალო ასაკი გახლავთ 25 წელი. ამ ეტაპზე მათ მდგომარეობას დადებითი დინამიკა აღენიშნება. სამივე მათგანთან დინამიკა დადებითი გამოიხატება იმაში, რომ ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე, გაჩნდა ნევროლოგია, სიცოცხლის ნიშნები, ანუ გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროგნოზი იქნება და პაციენტები დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას დაიწყებენ. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება, ხორციელდება ყოველწუთიერი მონიტორინგი და ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს”, — განუცხადა რატიანმა “იმედს”.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ექიმის, ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი