ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში “პატრიოტთა ალიანსის” საკითხზე ბჟანიას თანაშემწის გადადგომას მოითხოვენ

25 აგვისტო, 2020 • 1626
სოხუმში “პატრიოტთა ალიანსის” საკითხზე ბჟანიას თანაშემწის გადადგომას მოითხოვენ

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაციის უმაღლესმა საბჭომ – “არუაამ” სახალხო კრების დეპუტატები შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრის ოფიციალური მიზეზი გახდა აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ლაშა საკანიასა და ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრა. თუმცა საუბარი აღნიშნული შეხვედრის ფაქტს გასცდა და დეპუტატებმა და ვეტერანებმა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის საკითხებიც განიხილეს.

ასლან ბჟანიას შტატგარეშე მრჩევლის, პარტია „სახალხო ფრონტის” თავმჯდომარის, ლაშა საკანიასა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიით გავრცელდა. თავიდან ლაშა საკანიამ ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებზე ინფორმაცია უარყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარა, რომ საქართველოს “პატრიოტებთან” შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, მისი განმარტებით, “ეს იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია”, რომლის ორგანიზებაც მოხდა მისი მოსკოველი მეგობრების თხოვნით.

ვეტერანების აზრით, დაუშვებელია საიდუმლო, თუნდაც ჰუმანიტარული სახის, შეხვედრების მოწყობა.

“ისინი ილორში ჩამოვიდნენ და საქართველოს გამთლიანებაზე ილოცეს. ამაზე პარლამენტში უნდა ვიმსჯელოთ. სასწრაფოდ შვებულებიდან უნდა გამოვიდეს ყველა. ეს ინციდენტი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს”, – აცხადებს გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი რუსლან ლადარია.

პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯოპუა ლადარიას მსგავსად კატეგორიული არ ყოფილა, თუმცა ისიც დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიმართოს, თუკი დღის წესრიგი შეიცვლება და ქართული მხარე აფხაზეთში ოფიციალურად შევა ხოლმე.

“ყოველი პარტია საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიებს დაუბრუნებს – ეს პოლიტიკური შანტაჟია თავად ქვეყნის შიგნით. თარხან-მოურავი კი ამბობს, რომ უნდა ვაღიაროთ არსებული რეალიები, შევეგუოთ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვცნოთ. და ამას ამბობს პარტიის ხელმძღვანელი. მსგავსი ადამიანების მოწვევით ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ოფიციალურად შტამპი უნდა დავუსვათ წარწერით “აფხაზეთის რესპუბლიკა”, – ამბობს ალსმას ჯოპუა.

დეპუტატი ნატალი სმირი ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი პოლიტიკოსების საიდუმლო ვიზიტი რესპუბლიკის ინტერესებში არ შედის და იმ შემთხვევაშიც, თუ ეს რუსი მეგობრების თხოვნით კეთდება, სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონი არ უნდა ირღვეოდეს.

“ვინც არ უნდა გვთხოვოს, რუსმა თუ ნებისმიერმა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია საზღვრის შესახებ კანონის დარღვევა”, – ამბობს სმირი.

დეპუტატი ასტამურ ლოგუა დანარჩენებს სთავაზობს, რომ მანამდე, სანამ ლაშა საკანიას მოღალატედ გამოაცხდებენ, მოისმინონ თავად საკანიას განმარტება.

ლოგუა აღნიშნული საკითხის განხილვას პარლამენტს დახურულ რეჟიმში სთავაზობს. ამასთან, სურს, რომ პარლამენტმა ზოგადად განიხილოს აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის საკითხები.

მისი კოლეგა ალმას ჯაპუა სახალხო კრებას მოუწოდებს, პრეზიდენტის აზრიც მოისმინონ აღნიშნულ საკითხზე.

“ჩვენ აფხაზეთის შიგნით ერთმანეთთან შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა, თუკი საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთ კურსზე უნდა დარჩნენ. რა კურსი გვაქვს ჩვენ, არ ვიცით. საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და მოდით, მოვიწვიოთ ის და მოვუსმინოთ”, – აცხადებს დეპუტატი ჯოპუა.

ქალ ვეტერანთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლარისა ტარბა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო და შტატგარეშე თანამშრომელს მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ქართველი პოლიტიკოსების ჩამოყვანა აფხაზეთში არ შეეძლო.

“მან მხოლოდ ხელისუფლების ბრძანება შეასრულა. ხელისუფლებაა მსგავსი შეხვედრის დამკვეთი. საკანია დამოუკიდებლად ვერ გადმოიყვანდა ქართველ პოლიტიკოსებს ორი კორდონის, აფხაზურის და რუსულის გავლით”, – ამბობს ლარისა ტარბა.

ვიტალი გაბნია, აფხაზეთის ომის ვეტერანი და “არუაას” ხელმძღვანელი კი დარწმუნებულია რომ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზება ყველაზე დაბალ დონეზე მოხდა.

“ჩემი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ნაწილობრივ იცოდა ქართველი პოლიტიკოსების ჩვენთან ვიზიტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად დაბალ დონეზე მოხდა და არ ყოფილა შეთანხმებული ხელისუფლებასთან. ამიტომაც ყველასთვის სავალალოდ დასრულდა. იმ პარტიისთვისაც საქართველოში და ჩვენთვისაც”, – ამბობს გაბნია.

ამასთან, დეპუტატი ვიტალი გაბნია შეეხო ქართულ-აფხაზური გამშვები პუნქტების საკითხის რეჟიმსაც, რომლის გადახედვასა და ვაჭრობის განახლებაზეც აფხაზური ხელისუფლება საუბრობს.

გაბნია ამბობს, რომ აფხაზეთისთვის ეს არანაირ პოლიტიკურ შედეგს არ მოიტანს – ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთიც და საქართველოც ერთ ეკონომიკურ სივრცეში იქნება და საქართველოს გეგმა ამუშავდება.

“ჯერ კიდევ 2010 წელს იყო საქართველოში მიღებული პროგრამა ე.წ. ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის შესახებ. ეს გეგმა დღესაც მუშაობს, თუმცა, არა უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, არამედ ადგილობრივი უწყებების ხელმძღვანელობების მეშვეობით. საზღვრის რეფორმირების საკითხიც სწორედ ამ სფეროდანაა. დღეს ერთნი ეწინააღმდეგებიან ამას, მეორენი კი მომხრე არიან. ისინი, ვინც წინააღმდეგი არიან, კონტრაბანდის სქემებით ითბობენ ხელს, ისინი კი, ვინც მომხრეა,  დაინტერესებული არიან საქართველოსთან ვაჭრობით და უკვე ითვლიან მოგებას ამ ვაჭრობიდან. მაგალითად, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ინერტული მასალების გაყიდვით”, – ამბობს გაბნია.

გალის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი და ვეტერანი, თემურ ნადარია ამბობს, რომ არანაირი დიალოგი და მოლაპარაკებათა პროცესი უახლოეს მომავალში სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგანაც ქართველი პოლიტიკოსების რიტორიკა უცვლელია.

“მათ დიდი ხანია ჩრდილოეთი კვიპროსის მაგალითით შეეძლოთ ეღიარებინათ ჩვენი დოკუმენტები მსოფლიოში გადაადგილების საკითხში, თუმცა ამ საკითხს ბლოკავენ. ქართველების ამოცანა ჩვენი სრული იზოლირებაა. მაშ, რაღაზე უნდა ვისაუბროთ”, – ამბობს ნადარაია.

დეპუტატი ადგურ არძინბა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის პოლიტიზება არ ღირს და ხელისუფლებასთან ბრძოლის საბაბად არ უნდა გამოიყენებოდეს. არძინბა იმედოვნებს, რომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ სიტუაციას და საზღვრის შესახებ კანონის დამრღვევებს დასჯიან.

ამჟამად “არუაას” ვეტერანები და წევრები პარლამენტისგან რიგგარეშე სესიის დანიშვნას ელოდებიან, სადაც საგარეო პოლიტიკისა და უშუალოდ ლაშა საკანიას საკითხის განხილვას ითხოვენ.

თემურ ნადარია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან საკანიას დაუყოვნებლივ დათხოვნას მოელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი