ახალი ამბები

ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

22 აგვისტო, 2020 • 1022
ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს.

ცერცვაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, თითქოს
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე, რომელიც არ გამოიყენა, “სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობაა”.

“კატეგორიუალდ ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით”,- აცხადებს ცერცვაძე.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მასმედიისთვის გადაცემულ ა.წ. 12 თებერვლის N01/1721 წერილს, ცერცვაძის თქმით, ის სამინისტრომ გაუგზავნა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და არა შიდსის ცენტრს და ის იყო პასუხი არა ცენტრის, არამედ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N15/66189 წერილზე.

“ეს მიმოწერა ჩვენთვის ცნობილიც კი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ის დივიდენდის გამოყენების ნებართვად ვერაფრით ვერ გამოდგებოდა, რადგან ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუძლიათ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება”,- აცხადებს ცერცვაძე და მზადყოფნას გამოთქვამს, ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.

“არადა, ჯანდაცვის სამინისტროს სულ იოლად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან ბოლოსდაბოლოს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, პროგრამიდან „გაუფრთხილებლად“ გასვლის გამო ცენტრის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის”, – ამბობს იგი.

ცერცვაძე, ასევე, მიმართავს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, თავი შეიკავოს ინფექციური საავადმყოფოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საყვედურებისაგან და “თუ ძალიან უნდა თავისი კრიტიკა და საყვედურები მიმართოს მათკენ, ვინც რეალურად არის პასუსიხსმგებელი შექმნილ სიტუაციაზე”.


20 აგვისტოს, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ საავადმყოფომ შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული ახალი პაციენტების სტაციონარში მიღება. მიზეზად მან „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობა დაასახელა, რის გამოსასწორებლადაც ხელშეწყობას წლებია, ითხოვს.

21 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა ჩატარდა და ინფექციურ საავადმყოფოს 300 ათასი ლარის გამოყენების უფლება მიეცა. ინფექციურ საავადმყოფოში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ამის შემდეგ პაციენტების მიღების განახლებას გეგმავენ.

ვრცლად ამ თემაზე:

„ინფექციურმა“ შეწყვიტა აივ და კოვიდ ინფიცირებულთა სტაციონარში მიღება

მასალების გადაბეჭდვის წესი