ახალი ამბები

“მედიის ადვოკატირებისთვის” შენიშვნები არაკეთილსინდისიერია – GNCC

21 აგვისტო, 2020 • 626
“მედიის ადვოკატირებისთვის” შენიშვნები არაკეთილსინდისიერია – GNCC

კომუნიკაციების კომისია არაკეთილსინდისიერს უწოდებს კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციების მიერ საჯაროდ წარდგენილ შენიშვნებს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შეესულ ცვლილებებთან დაკავშირებით  და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო შენიშვნები ემსახურება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და ანგარიშებში ცრუ ინფორმაციის მოხვედრას.

GNCC აცხადებს, რომ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებები, რომელსაც კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” აკრიტიკებს,  განპირობებულია მხოლოდ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით – დადგენილებიდან ამოღებულია ის დებულებები, რომლებიც იდენტური იყო და ხდებოდა „საარჩევნო კოდექსში“ გაწერილ დებულებებთან დუბლირება.

“რაც შეეხება კოალიციის შენიშვნებს მედიის განმარტებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის დებულებიდან მედიის განმარტება ამოღებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს ტერმინი არ არის გამოყენებული რაიმე რეგულაციასთან კავშირში და ყველა რეგულაცია შეეხება მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს. კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც ის ახორციელებს საარჩევნო პროცესში, განსაზღვრულია „საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით და კომისიის უფლებამოსილების გაზრდა ვერ მოხდება კომისიის ნორმატიული აქტით. შესაბამისად, არც წარდგენილი დადგენილების პროექტით არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა კომისიის რეგულირებად სუბიექტთა წრის გაფართოება”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

რაც შეეხება ფასიან და უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ უფასო და ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვადები დადგენილებაში განისაზღვრა მხოლოდ „საარჩევნო კოდექსიდან“ გამომდინარე, იმ მიზნით, რომ მაუწყებლებისთვის უფრო ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაცია.

“დადგენილება ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს და ის არ ვრცელდება არაწინასაარჩევნო პერიოდზე. შესაბამისად, არსებითად არასწორია ინფორმაცია, რომ ზოგადი გახდა საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. რეალურად კი ვითარება ასეთია: დადგენილების დღემდე მოქმედი რედაქცია სიტყვა-სიტყვით იმეორებდა “საარჩევნო კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების დებულებებს და არ ადგენდა რაიმე განსხვავებულ რეგულაციებს, რაც საკანონმდებლო ტექნიკის
თვალსაზრისით არასწორია. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიზანია საკანონმდებლო აქტის შესრულება და კონკრეტიზაცია და არა საკანონმდებლო აქტის დებულებების უცვლელად გადმოტანა”, – აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრ ორგანიზაციებს, სამუშაო რეჟიმში ითანამშრომლონ კომისიასთან და თავი შეიკავონ საჯაროდ არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებებისგან.

კომუნიკაციების კომისია მიუთითებს, რომ დადგენილებაში ცვლილებების პროექტი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებისა და ვადების სრული დაცვით, 24 სამუშაო დღის განმავლობაში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული იყო. მიუხედავად ამისა, კოალიციამ შენიშვნები წარადგინა კომუნიკაციების კომისიის სხდომის წინ, ჯერ საჯარო სივრცეში, კომისიაში ოფიციალური წერილი კი სხდომის დაწყებამდე მხოლოდ 10 წუთით ადრე შევიდა. ამასთნ, GNCC-ის განცხადებით, კოალიციის წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები ვერ დაასაბუთეს.

“ორგანიზაციის მიერ შენიშვნების მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პერიოდის წინ წარდგენა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებშია საერთაშორისო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ დამახინჯებული და ცრუ
ინფორმაციის გამოქვეყნება”, – მიიჩნევს GNCC.

კოალიციის “მედიის ადვოკატირებისათვის” ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში. კოალიცია კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს,  წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი შეასრულოს.

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაიწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი