ახალი ამბები

“მედიის ადვოკატირებისთვის” კომუნიკაციების კომისიას არჩევნებზე ობიექტური მონიტორინგისკენ მოუწოდებს

20 აგვისტო, 2020 • 1507
“მედიის ადვოკატირებისთვის” კომუნიკაციების კომისიას არჩევნებზე ობიექტური მონიტორინგისკენ მოუწოდებს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებენ,  წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი შეასრულოს.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა, წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი  საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში.  

“განსხვავებით 2012 წლის რედაქციისაგან, სადაც მითითებული იყო, რომ  მედია ამ დადგენილების მიზნებისთვის არის საზოგადოებრივი მაუწყებელი,  მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან/და ლიცენზირებული მაუწყებელი, გაზეთი, განახლებულ რედაქციაში განმარტება ამოღებულია. არ არის დათქმა, თუ რომელ მედიასუბიექტებს მოიაზრებს კანონი მონიტორინგის ვალდებულებებში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მედიის ძირითადი/ფართო განმარტება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონითაა ფორმულირებული, რომლის თანახმადაც, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი.  შეუძლებელია საარჩევნო მონიტორინგი გავრცელდეს ყველა ტიპის მედიაზე, დაუშვებელია ონლაინ მედია მოექცეს კონტროლის ქვეშ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გშუქებისას. ამიტომაც საჭიროდ მიგვაჩნია, კომისიამ დროულად უნდა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი და დაავიწროოს სუბიექტთა წრე”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მედიაორგანიზაციები, ასევე, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლის შინაარსშიც არ დგინდება, თუ რა პასუხისმგებლობები აკისრია მედიას, მარეგულირებელ ორგანოს ფართო დისკრეციას ანიჭებს.

“დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს  პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით  დადგენილებით მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება“. აღნიშნული ჩანაწერით დადგენილება არალეგიტიმურად აფართოებს საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს  პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვადებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კოდექსი კონკრეტულად არ  მიუთითებს საწყის ვადაზე, დადგენილება მკაცრად ადგენს, თუ როდიდან შეიძლება რეკლამის განთავსება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს”, – აცხადებს “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” და კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, გადახედოს პროექტს და  შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის  მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოს რეალიზებისათვის. 

 

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაიწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი