ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაიწყებს

10 აგვისტო, 2020 • 866
კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაიწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს პირველი  სექტემბრიდან დაიწყებს.

როგორც კომისიაში აცხადებენ, მათი მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო კუზელმა გადაამზადა. კომისია გეგმავს  50-მდე სამაუწყებლო არხისროგორც  რაოდენობრივი, უსე თვისებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას:

“კომუნიკაციების კომისიის მონიტორები ოთხდღიანი ტრენინგის ფარგლებში ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რასტო კუზელმა გადაამზადა. ექსპერტმა კომუნიკაციების კომისიის მონიტორებს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს თვისებრივი მედიამონიტორინგის განხორციელების თავისებურებები და სპეციფიკა გააცნო. კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებმა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად გაიღრმავეს ცოდნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ჩატარებაში”, -აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

GNCC-ს განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24- საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს დააკვირდებიან.

მათ შორის, 30-მდე მონიტორი დააკვირდება წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს.

კომისიის განცხადებით, მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე წლებია ყველა არჩევნების წინ მსგავსი ტიპის კვლევას ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი