ნეტგაზეთი | აია სოფიას შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი მუზეუმი გადაკეთდება მეჩეთად აია სოფიას შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი მუზეუმი გადაკეთდება მეჩეთად – Netgazeti
RU | GE  

აია სოფიას შემდეგ თურქეთში კიდევ ერთი მუზეუმი გადაკეთდება მეჩეთად

თურქეთში, ხორას ეკლესია, რომელსაც აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა, მეჩეთად გადააკეთდება. შესაბამისი დირექტივა კი უკვე გამოცემულია. ამის შესახებ თურქული მედია, მათ შორის Ahvalnews, ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ხორას ტაძრის მეჩეთად გადაკეთება იმავე პროცედურებით წარიმართა, რაც აია სოფიას შემთხვევაში მოხდა.

ხორა სტამბულში მდებარე  ძველი ბიზანტიური ეკლესიაა, რომელსაც მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტია სტამბოლში, XIV საუკუნის ბიზანტიური ფრესკებითა და მოზაიკის უნიკალური კოლექციით.

2019 წლის ნოემბერში თურქეთის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ტაძრისთვის 1945 წელს მუზეუმის სტატუსის მინიჭება არაკანონიერი იყო. თუმცა მეჩეთად გადაკეთების ოფიციალური გადაწყვეტილება ამა წლის 20 აგვისტომდე წერილობითი სახით არ გამოქვეყნებულა.

ფრესკები ხორას ტაძარში. ფოტო: churchofchora.com

1948 წელს ტაძარს – ფრესკებსა და მოზაიკებს- რესტავრაცია ჩაუტარდა. ოსმალეთის იმპერიის პერიოდში ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს, რა დროსაც ფრესკების ნაწილი დაზიანდა. რესტავრაცია 12 წელიწადს გაგრძელდა, 1958 წელს კი ტაძარი ხელახლა გაიხსნა, როგორც საჯარო მუზეუმი.


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა ხელი დეკრეტს, რომლის მიხედვითაც, სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა.

ამ თემაზე გირჩევთ:

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან