ახალი ამბები

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

4 ივლისი, 2020 • 3114
მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

აია-სოფია, რომელსაც რამდენჯერმე შეუცვალეს დანიშნულება, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული, თუმცა ის არც პოლიტიკური მნიშვნელობის ნაკლებობას უჩივის. ძეგლის მუზეუმად ქცევის შემდეგ მისი კვლავ მეჩეთად გადაკეთების იდეა ახალი არ არის, თუმცა პრეზიდენტ რეჯეფ-თაიფ ერდოღანისა და მმართველი ძალის სხვა წარმომადგენელთა მონდომების ფონზე, ამის შესაძლებლობა უფრო რეალურია, ვიდრე აქამდე იყო. საკითხს, აზრთა სხვადასხვაობის პარალელურად, ქვეყნის უმაღლესი საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებასაც ის გამოაცხადებს.

ტაძარი-მეჩეთი-მუზეუმი – ძეგლის მრავალსაუკუნოვანი გზა

ისტორიულად უმნიშვნელოვანესი, გუმბათოვანი ნაგებობა, სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდანნ. 532 წელს, როდესაც იუსტინიანე I-მა მისი მშენებლობის ნებართვა გასცა, ქალაქს კონსტანტინოპოლი ერქვა და ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა. კათედრალის მშენებლობისთვის საჭირო მასალები მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის გარშემო შეგროვდა.

აია-სოფია 9 საუკუნის მანძილზე იყო აღმოსავლეთის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ცენტრი. თუმცა, სურათი შეიცვალა 1453 წელს, როდესაც ოსმალეთმა, მეჰმედ II-ის მმართველობის ქვეშ, დაიკავა ქალაქი და ბიზანტიის იმპერიის არსებობასაც წერტილი დაუსვა. აია-სოფია მეჩეთად გადააკეთეს, სადაც პარასკევის ლოცვებს თავად სულთანი ესწრებოდა. შეიცვალა შენობის არქიტექტურაც: რიგი ქრისტიანული სიმბოლოები მოხსნეს, აღიმართა ლოცვისკენ მოწოდებისთვის საჭირო მინარეთები.

I მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია დაიშალა. ამავე პერიოდში, ყოფილი იმპერიის მიწების ნაწილზე შეიქმნა დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა, მისი პირველი, სეკულარული რეფორმებით ცნობილი  პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით, რომელმაც აია-სოფია მუზეუმად გადააკეთა და ეს სტატუსი აქვს მას დღემდე.

რა ხდება ახლა? – ერდოღანის ცალსახა პოზიცია კრიტიკის ფონზე

თურქეთის პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ღიად უჭერს მხარს ათათურქის გადაწყვეტილების შეცვლასა და აია-სოფიაში ისლამური რიტუალების განახლებას. თუ აქამდე ამის შესახებ ზეპირი განცხადებები და მოთხოვნები ისმოდა ახლა ამ საკითხს ქვეყნის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო – სახელმწიფოს საბჭო განიხილავს.

შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს ერთ-ერთმა კერძო ასოციაციამ მიმართა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ახმიანებდა ნაგებობის სტატუსის შეცვლის საჭიროებას. 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უწყებამ მოისმინა მხარეთა არგუმენტები და გადაწყვეტილებას 15 დღის ვადაში გამოაცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “Istanbul Economics Research”-ის კვლევით, მოსახლეობის 47% აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების მომხრეა, 38% კი ინიციატივას ეწინააღმდეგება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივნისში, პარტიულ ყრილობაზე, კვლავ დააფიქსირა თავისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.

“ღვთის ნებით, სახელმწიფოს საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, აია-სოფიაში ვილოცებთ”, – თქვა მან. ის იქამდეც აღნიშნავდა, რომ მეჩეთის მუზეუმად გადაკეთება “ძალიან დიდი შეცდომა” იყო და მთავრობა ამ მოცემულობის შესაცვლელად საჭირო ნაბიჯებს გადადგამდა.

ერდოღანის ამ რიტორიკას კრიტიკა ახლავს სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ოპოზიციური პარტიებიდან თუ ცალკეული პოლიტიკოსებისგან. მთავარი ოპოზიციური ძალის, მემარცხენე-ცენტრისტული “რესპუბლიკური სახალხო პარტიის”(CHP) წარმომადგენელი, დეპუტატი იბრაჰიმ ქაბოღლუ ამბობს, რომ “საერთო მემკვიდრეობა” მუზეუმებად უნდა დარჩეს.

მემარჯვენე-ნაციონალისტური “კარგი პარტიის” ლიდერმა ერდოღანი “ხელოვნური კრიზისის” გაღვივებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პრეზიდენტი ამ გზით ცდილობს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები გადაფაროს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ, რომელიც ახლა ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერია, ასევე დაადანაშაულა ერდოღანი მანიპულაციაში.

“შეწყვიტე წმინდა ადგილებისა და საერთო სიმბოლოების გამოყენება [პოლიტიკურ] კარტად, როცა გასაჭირში ხარ”, – მიმართ მან პრეზიდენტს.

აია-სოფია განხილვის საგანია ადგილობრივ ქრისტიანულ წრეებშიც. კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი იდეას ემხრობა: მისი თქმით, უმჯობესია, აია-სოფია სალოცავი იყოს, ვიდრე მუზეუმი, სადაც ტურისტები ფოტოებს იღებენ და სჯერა, რომ ამ დიდ ნაგებობაში ქრისტიანებისთვისაც გამოინახება ადგილი. ინიციატივას ეწინააღმდეგება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, რომელმაც სტამბოლში საეკლესიო მსახურებისას თქვა, რომ აია-სოფია “კაცობრიობის საკუთრებაა”.

სენტიმენტიდან ქმედებამდე – საქმის პოლიტიკური ელფერი

აია-სოფიასთვის მეჩეთის ფუნქციის დაბრუნების იდეა არც ახალია და არც უცხო თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვის. თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ იდეის მომხრეები – ძირითადად, თურქული ისლამისტური და მემარჯვენე-ნაციონალისტური წრეების წარმომადგენლები – ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან აქტიურად ითხოვენ ძეგლის სალოცავად ქცევას.

აია-სოფიაზე საუბრისას ის მის ადგილს განმარტავს თურქულ სიმბოლიზმში: თუ კონსტანტინოპოლის დაკავება და აია-სოფის მეჩეთად ქცევა იყო ოსმალეთის იმპერიის “ერთგვარი დამფუძნებელი მითი”, ათათურქის მიერ იქ მუზეუმის გახსნა იყო ოსმალური წარსულისაგან მოწყვეტისა და სეკულარული თურქეთის დაფუძნების სიმბოლო.

სანდრო ბაკურაძე მიიჩნევს, რომ ნაგებობის საკითხი პოლიტიკური მანიპულციის საგანია საზოგადოებრივი აზრის კვლევების ფონზე მმართველ ძალასთან მიმართებით.

“აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი მეტწილად, ყოველთვის პოპულისტური იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო კონიუქტურის პირობებში ის ყოველთვის მეჩეთად გადაკეთებულ ეკლესიად განიხილებოდა, თურქეთის ძველი ხელისუფლებები ამას[საკითხის წამოწევას] ერიდებოდნენ. ამიტომაც, თურქეთის დამოუკიდებელ მედიაში დღესაც ბევრი თვლის, რომ ეს საკითხი თვითგადარჩენისკენ მიმართული პოპულიზმის ბოლო საფეხურია, რადგანაც ამ ბოლო პერიოდში გამოკითხვები არცთუ სასარგებლოს საარჩევნო შედეგებს დებენ [ერდოღანისთვის]” – აცხადებს ის.

როგორც თურქეთის სახელმწიფო მედია გასულ თვეში იუწყებოდა, მმართველ პარტიაში გაჟღერდა წინადადება, რომ აია-სოფიაში 15 ივლისს ელოცათ – თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 4 წლის თავზე – იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საბჭო მისი მეჩეთად გადაკეთების სანქციას გასცემდა. შემდგომ, საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღმა გადაიწია, თუმცა სანდრო ბაკურაძე არ გამორიცხავს, რომ ნაგებობის საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა სწორედ ამ თარიღს დაამთხვიონ.

“თურქეთის პოლიტიკური დინამიკა გვაჩვენებს, რომ ოფიციალური იდეოლოგიის მიმართ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ოფიციალურად მოწიწებას გამოხატავს, [თუმცა] საარჩევნო დინამიკაში რეალურად მთავარია ეკონომიკური სიტუაცია და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია. როდესაც თურქეთს აქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ძალიან საეჭვოა, რომ აია-სოფიამ გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ერდოღანს”, – აღნიშნავს ის.

სტამბოლში მცხოვრები მწერალი ირაკლი კაკაბაძე ძეგლის საკითხის წამოწევას, უმთავრესად, არჩევნებსა და შიდა პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, ეს ერთგვარი გამოცდაა ოპოზიციისთვისაც.

” ეს არ არის ამის თემის წამოწევის პირველი მცდელობა. ასეთივე მცდელობა იყო თვითმმართველობის არჩევნების წინაც. ასევე ცდილობენ ოპოზიციის ანკესზე წამოგებას… თუნდაც, რა რეაქცია ექნება სტამბოლის მერს, რომელსაც წინასაარჩევნოდ ხან ბერძნობა “დასწამეს”, ხან ანტიისლამური განწყობები. ელიან, რომ ის ალბათ უფრო მწვავე იქნება და ამით სახელისუფლებლო პარტია ისლამისტების მეტ ხმას მოიგებს”, – ამბობს ის.

“რომ ვაკვირდები თურქულ სივრცეს, მაინც ჩაიკარგა ეს თემა. დიდი განხილვის თემა არ არის. შესაძლოა, დაიღალა კიდეც მოსახლეობა. მერამდენედ უნდა წამოიწიოს ამ საკითხმა? ყოველი არჩევნების წინ ასე ხდება…” – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

საერთაშორისო გამოხმაურება

თურქეთის გარეთ, აია-სოფიას სტატუსის შეცვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე საბერძნეთია. BBC-ის თანახმად, ქვეყნის კულტურის მინისტრმა თურქეთი “ფანატიკური ნაციონალისტური და რელიგიური სენტიმენტის” გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ძეგლის სტატუსი, რომელსაც “იუნესკო” იცავს, ვერ შეიცვლება თავად ორგანიზაციის თანხმობის გარეშე.

თავად “იუნესკოს” გენერალური დირექტორის მოადგილემ ბერძნულ გაზეთს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას მართლაც სჭირდება უფრო ფართო თანხმობა.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის გენერალური მდივანი მაიკ პომპეოც, რომელმაც აღნიშნა, რომ აია-სოფიას სტატუსის ნებისმიერი ცვლილება შეამცირებს მის შესაძლებლობას, “ემსახუროს კაცობრიობას, როგორც მეტად საჭირო ხიდი განსხვავებულ რწმენასა და კულტურებს შორის”.

უშუალოდ საბერძნეთიდან მომავალი კრიტიკის კომენტირებისას, თურქეთის ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა: ათენს ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ესაქმება, ვინაიდან ძეგლი თურქეთის ტერიტორიაზეა.

“რას გავაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საკუთრებასთან მიმართებით, ჩვენზეა დამოკიდებული”, – უთხრა ადგილობრივ ტელეკომპანიას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი