გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მოშიმშიმე არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ შიმშილობის დაწყების შემდეგ ზ.ხ-ს და ლ.შ-ს საკანში განთავსებული ტელევიზორი ჩამოართვეს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს.
პენიტენციური უწყების განმარტება
პენიტენციური სამსახურის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზ.ხ და ლ.შ სარგებლობდნენ თანამესაკნეების კუთვნილი ტელევიზორით და მას შემდეგ რაც ლ.შ-მ და ზ.ხ-მ შიმშილობა დაიწყეს, ისინი განცალკევებით საკანში გადაიყვანეს.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მოშიმშილეებს სჭირდებათ სპეციალური მეთვალყურეობა და ამასთან “დაუშვებელია მოშიმშილე პატიმრების ყოფნა საკანში ისეთ პატიმრებთან, ვინც საკვებს ჩვეულებრივად ღებულობს, ვინაიდან მათ შორის უხერხულობა იქმნება”.
პენიტენციური სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არის სპეციალური მაღაზია, სადაც პატიმრებს შეუძლიათ შეიძინონ ტელევიზორი და შეუზღუდავად ისარგებლონ ამ ნივთით.
მოშიმშილე ბრალდებულებისთვის ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ გელხაურმა დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ ლ.შ-სთან და ზ.ხ-სთან ერთად შიმშილობა მესამე არასრუწლოვანმა, ა.ქ-მაც დაიწყო.
ადვოკატები აპროტესტებენ სასამართლო პროცესების ხშირად ჩანიშვნას
მცხეთის სასამართლოში არასრუწლოვნების საქმის არსებითი განხილვა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. პროცესები დახურულია. დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გელხაურმა და არასრუწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა ასევე განაცხადეს, რომ მოსამართლე მაია ოშხარელის გადაწყვეტილებით, 6 არასრუწლოვანის საქმის განხილვა ინტენსიურ რეჟიმში ხდება, რაც მათთვის მიუღებელია.
არასრულწლოვანი ნ.ხ-ს უფლებადამცველმა, დალი იმნაიშვილის თქმით პროცესები 21, 25 და 26 აგვისტოს ჩაინიშნა. მისი განმარტებით, პროცესების ინტენსიურ რეჟიმში განხილვა ადვოკატებს ბრალდებულებთან კომუნიკაციაში ხელს უშლის, რადგან მათ პროცესიდან პროცესამდე არ ეძლევათ საკმარისი დრო გაიარონ კონსულტაციები:
“ყველა ადვოკატს, ამ პროცესის გარდა გვაქვს სხვა პროცესებიც, რომელზეც უნდა მოვემზადოთ, უნდა შევიდეთ საპატიმრო დაწესებულებებში და თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცემა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ეს პოზიცია სასამართლოზეც დავაფიქსირეთ, მოსამართლემ გულისყურით მოისმინა, მაგრამ განმარტა, რომ ეს გამომდინარეობს არასრულწლოვანთა ინტერესიდან”, – განაცხადა იმნაიშვილმა.
პროცესების ინტენსიურ რეჟიმში ჩანიშვნას აპროტესტებს ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაურიც, რომლის თქმითაც ამ გადაწყვეტილებით სასამართლო არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს არ ითვალისწინებს:
“ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც გამოძიების პერიოდში არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც სასამართლო არ გაითვალისწინებს არც ერთი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს”, – განაცხადა გელხაურმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გელხაურმა სახალხო დამცველს, მიმართვა და განმარტა, რომ სასამართლო არასრუწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც არ ითვალისწინებს, კერძოდ იმ ფაქტს, რომ დღეს მესამე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, ა.ქ-მ დაიწყო შიმშილობა.
“პროცესებზე მოსვლა მგზავრობასთან და ენერგიის დახარჯვასთან არის დაკავშირებული, ესე არ უნდა მოექცე სრულწლოვანსაც კი, რომელიც შიმშილობს, ქალბატონი ოშხარელი კი არასრულწლოვანებს ექცევა ასე”, – განაცხადა გელხაურმა.
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, კი სასამართლო პროცესების ინტენსიურ რეჟიმში განხილვა არ არღვევს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესებს.
“პირველ რიგში ამ ადამიანების და ადვოკატების ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ საქმეზე დროულად დასრულდეს სასამართლო განხილვა, შესაბამისად თუ ისინი აპირებენ სასამართლო პროცესებზე რაიმეს მტკიცებას, დაამტკიცონ თავისი პოზიციები”, – განმარტა პრკურორმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გელხაურმა, ასევე მიმართა იუსტიციის მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ ყურადღება მიაქციონ არასრულწლოვნების მდგომარეობას, რათა “მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რამე არ დასრულდეს ცუდად”.
გელხაურის თქმით, შიმშილობის მიზეზად არასრუწლოვნები სიცრუის დეტექტორზე შემოწმების და ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობის არ ქონას ასახელებენ. მისი განმარტებით, საქმის პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს კანონმდებლობა სიცრუის დეტექტორის გამოყენებას არ ითვალისწინებს სიცრუეა.