ახალი ამბები

200-ლარზე რეგისტრაციისთვის სერვისის გაწევა კრიმინალია – ჯანდაცვის სამინისტრო

19 აგვისტო, 2020 • 938
200-ლარზე რეგისტრაციისთვის სერვისის გაწევა კრიმინალია – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, არსებობენ პირები, ვინც მოქალაქეებს 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო ონლაინ რეგისტრაციაში ეხმარებიან და ამ სერვისში ფულს იღებენ. ეს კი, მათი შეფასებით, კრიმინალია.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ.

მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან,  – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ „გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“.

18 წლამდე ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის 200-ლარიან დახმარებაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ონლაინ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს უფასოდ დაეხმარებიან.


18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება კი შესაძლებელი იქნება 2020 წლის სექტემბრიდან.

მთავრობის დადგენილებით, ერთჯერადი სოციალური დახმარება – 200 ლარი, გაიცემა იმ ბავშვზეც, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის.

თუ მოზარდს ხვალ, ანუ 19 აგვისტოს უსრულდება 18 წელი, დახმარების მისაღებად მშობელმა ის წინა დღით, ანუ დღეს, 18 აგვისტოს მაინც უნდა დაარეგისტრიროს ელექტრონულ პორტალზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დახმარებას ვეღარ მიიღებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე ბავშვები ერთჯერადად 200- ლარიან დახმარებას მიიღებენ კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო.  დახმარება განკუთვნილია ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი