ახალი ამბები

ახალციხეში “ევროპული საქართველოს” წევრი ენმ-ს კანდიდატი იქნება

18 აგვისტო, 2020 • 1407
ახალციხეში “ევროპული საქართველოს” წევრი ენმ-ს კანდიდატი იქნება

ადგილობრივი მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, რომ „ევროპული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაციების წევრებმა, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა, პარტია დატოვონ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ დაწერა, „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები მათთან საუბარში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი ახალციხეში ენმ-სა და „ევსაქების“ წარმომადგენლებს 16 აგვისტოს შეხვდა, სადაც „ევსაქებს“ უთხრა, რომ „პარტია დატოვონ და ვაჟა ჩიტაშვილის მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდნენ“.

„სამხრეთის კარიბჭე“ პარტიის ერთ-ერთ წევრს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, ასე ციტირებს: „ვანო შემოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ უნდა გადმოხვიდეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა დამიდგეთ გვერდით, მარტო ამ გზით ვხედავ გამარჯვების შანსსო. გვითხრა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ 5 ნომერზეო“.

მედიის თანახმადვე, აღნიშნული პირები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან და „გუნდური გადაწყვეტილება“ უნდა მიიღონ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ევროპული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის ორგანიზაციის წარმომადგენელს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ჩილინგარაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ:

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად აყენებს „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს, ვაჟა ჩიტაშვილს, რომელიც დღემდე განაგებდა ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ შტაბს [ჩიტაშვილმა 16 აგვისტოს განაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ].

როგორც ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, „3-4 ადამიანი, რომელიც ჩიტაშვილმა თვითონ მოიყვანა, მიჰყვება მაჟორიტარული არჩევნების დროს მხარდასაჭერად“. მისი თქმით, საუბარია ახალციხის ორგანიზაციის წევრებზე.

ამასთან, ჩილინგარაშვილი ამბობს, ამ პარტია რომ არ დაეტოვებინათ და ისე „ემუშავათ ვაჟაზე, რომელიც დღეს ენმ-ს წარმოადგენს, ავტომატურად დააყენებდნენ პარტიის გარეთ თავიან თავს — გავრიცხავდით. და გარიცხვას არჩიეს წასულიყვნენ“.

ის ამბობს, რომ პირადად ვანო მერაბიშვილს არ შეხვედრია და 16 აგვისტოს შეხვედრის შესახებ არაფერი იცის. ამასთან, მისი თქმით, „ადიგენის ორგანიზაციიდან ერთი კაციც არ წასულა და არც წავა“.

ვანო მერაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ, დატოვა საპატიმრო, ენმ-ს შეუერთდა. რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ აგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა დეპუტატობისთვის ბრძოლას ან მინისტრობას არ აპირებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი