ახალი ამბები

გაუმართლებელია, რომ ბელარუსის ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან დროს, ელჩი იქ არ იყო — კაპანაძე

17 აგვისტო, 2020 • 1526
გაუმართლებელია, რომ ბელარუსის ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან დროს, ელჩი იქ არ იყო — კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, გაუმართლებელი და შემაშფოთებელია, რომ ბელარუსის ისტორიაში ასეთ მნიშვნელოვან დროს საქართველოს ელჩი შვებულებაში იყო.

როგორც კაპანაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლებას ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, მაშინ, როცა პარტნიორებმა ბელარუსში მიმდინარე ამბებზე ოფიციალური პოზიციები დააფიქსირეს.

მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არათანმიმდევრული და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს.

“თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩავიდა გუშინ და მანამდე არ ჩადიოდა იმიტომ, რომ შვებულებაში იმყოფებოდა, მაშინ მე ამ თემასთან დაკავშირებით ორი დიდი კითხვა მიჩნდება. პირველი — ამ ხნის განმავლობაში, ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ რატომ არ გააკეთა არანაირი კომენტარი და შეფასება ბელარუსი ხალხის დამოუკიდებლობისკენ, დემოკრატიისკენ და თავისუფლებისკენ სწრაფვაზე, მაშინ, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი მათ მხარს უჭერს და სოლიდარობას გამოთქვამს.

მეორე — ასეთი მნიშნველოვანი დღეების დროს ბელარუსის ისტორიაში და ამაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ბოლო 25-30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოვახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი თურმე ისვენებდა და ადგილზე არ იმყოფებოდა. ეს ორი კითხვა და პასუხი აჩვენებს, როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში”, — განაცხადა კანაპანაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამთავრობო თვითმფრინავის მინსკში ჩაფრენის მიზეზს განმარტავს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 16 აგვისტოს  სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩავიდა, რომელიც საქართველოში 6 აგვისტოდან იმყოფებოდა.

როგორც სამინისტროში აღნიშანავენ, ელჩი  მინსკში მოკლე დროში ჩასვლას საჭიროებდა და  მისი სამთავრობო  თვითმფრინავით გამგზავრება გადაწყდა.

გუშინ, 16 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლის ექსპლოატაციასაც “ჯორჯიან ეარვეიზი” ახორციელებს, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში გაფრინდა, შემდგომ კი უკან დაბრუნდა.

რადარების მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAA, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 აგვისტოს, 16:54 საათზე აფრინდა და მინსკის სახელმწიფო აეროპორტში 19:11 საათზე დაჯდა. ლაინერმა მინსკი 20:04 საათზე დატოვა და 23:49 საათზე დაბრუნდა თბილისში.

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს – ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციების დღეს – მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა თვითმფრინავში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის შესახებაც.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ კატეგორიულად გამორიცხა ზურაბიშვილის მიერ არათუ საქართველოს, არამედ თბილისის დატოვებაც.

16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი