ახალი ამბები

მინსკში სამთავრობო თვითმფრინავით ელჩი ჩავიდა — საგარეო

17 აგვისტო, 2020 • 1243
მინსკში სამთავრობო თვითმფრინავით ელჩი ჩავიდა — საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამთავრობო თვითმფრინავის მინსკში ჩაფრენის მიზეზს განმარტავს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 16 აგვისტოს  სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩავიდა, რომელიც საქართველოში 6 აგვისტოდან იმყოფებოდა.

როგორც სამინისტროში აღნიშანავენ, ელჩი  მინსკში მოკლე დროში ჩასვლას საჭიროებდა და  მისი სამთავრობო  თვითმფრინავით გამგზავრება გადაწყდა.

“ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში.

ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

გამომდინარე იქიდან, რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.
ჩვენი აზრით, აუცილებელია, ბელორუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად.

იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს”, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ, 16 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლის ექსპლოატაციასაც “ჯორჯიან ეარვეიზი” ახორციელებს, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში გაფრინდა, შემდგომ კი უკან დაბრუნდა.

რადარების მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAA, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 აგვისტოს, 16:54 საათზე აფრინდა და მინსკის სახელმწიფო აეროპორტში 19:11 საათზე დაჯდა. ლაინერმა მინსკი 20:04 საათზე დატოვა და 23:49 საათზე დაბრუნდა თბილისში.

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს – ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციების დღეს – მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა თვითმფრინავში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის შესახებაც.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ კატეგორიულად გამორიცხა ზურაბიშვილის მიერ არათუ საქართველოს, არამედ თბილისის დატოვებაც.

16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი