ახალი ამბები

ვრცელდება 34 წლის ბელარუსელი დემონსტრანტის დაღუპვის კადრები

16 აგვისტო, 2020 • 1806
ვრცელდება 34 წლის ბელარუსელი დემონსტრანტის დაღუპვის კადრები

გამოცემა Associated Press ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ერთ-ერთი ბელარუსელი დემონსტრანტის სიცოცხლის ბოლო მომენტები ჩანს. კადრები, შესაძლოა, ეჭვქვეშ აყენებდეს 10 აგვისტოს გარდაცვლილი 34 წლის ალექსანდრე ტარაიკოვსკის სიკვდილის ოფიციალურ ვერსიას.

გამოცემის ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მოძრაობს ტარაიკოვსკი პოლიციის კორდონის წინ სისხლიანი მაისურით, შემდგომ კი მიწაზე ეცემა. აღნიშნულის შემდეგ, დემონსტრანტის სხეულის გარშემო რამდენიმე სპეც. რაზმელი იყრის თავს.

ვიდეოში არ ჩანს, რის გამო დაეცა მიწაზე აქციის მონაწილე ან რატომ არის მისი მაისური სისხლიანი, თუმცა კადრებში არც ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება ჩანს მის ხელში, როგორც ამას სახელმწიფო ამბობს.

ოფიციალური ვერსიით, ტარაიკოვსკის ხელში აუფეთქდა მოწყობილობა, რომლის სროლაც სამართალდამცავების მიმართულებით სურდა. ზემოაღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კომენტარი, ჯერჯერობით, არ გახმიანებულა.

გარდაცვლილის პარტნიორს, ელენა გერმანს, ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ის დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ტარაიკოვსკის პოლიციამ ესროლა.

გუშინ, 15 აგვისტოს, ტარაიკოვსკის პანაშვიდს მინსკის ცენტრში ათასობით ადამიანი დაესწრო.

არჩევნების შემდგომ, დემონსტრაციებისა და პოლიციასთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, მინიმუმ, ორი ადამიანია დაღუპული. მეორე დაღუპულზე სახელმწიფო ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, “მოულოდნელად გაუარესდა”. გარდაცვლილის დედის თქმით, მისი შვილისი აქციაში საერთოდ არ მონაწილეობდა და შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, როცა დააკავეს. დედა აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცი დაღუპვამდე პოლიციამ სცემა.

გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტიადამიანი დააკავა. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.

შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემდნენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

ცვლილებების მომხრენი უმრავლესობაში ვართ – ტიხანოვსკაია მშვიდობიანი აქციების მოწოდებით გამოდის

მასალების გადაბეჭდვის წესი