ახალი ამბები

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატები წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ

15 აგვისტო, 2020 • 574
შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატები წინასასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს წინასასამართლო სხდომის გადადების თხოვნით მიმართეს. როგორც ბრალდებულთა უფლებადამცველები აცხადებენ, მათ სასამართლომ ორკვირიანი ვადა მისცა, რითაც დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაგროვებელი დრო შეუზღუდა.

როგორც საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, ვინაიდან ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებები არ აქვთ, შესაძლებელი იყო, რომ სასამართლოს დაცვის მხარისთვის მოსამზადებლად გარკვეული პერიოდი მიეცა.

“სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ ორკვირიანი ვადა მოგვცა და ეს ძალიან დიდი სირცხვილია მართლმსაჯულებაში. ვინაიდან ამ საქმის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიება არ აქვთ ამ პირებს, ანუ არანაირი ვადები არ გააჩნია ამ საქმეს, თავისუფლად შესაძლებელი იყო, სასამართლოს დაცვის მხარისთვის მიეცა გარკვეული პერიოდი, რომ მომზადებულიყო და ჯეროვნად დაგვეცვა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები. თუმცაღა, სასამართლომ ამასთან დაკავშირებით უარი გვითხრა და მოგვხა ორკვირიანი ვადა. ამ ორკვირიან ვადას სრულადაც ვერ გამოვიყენებთ. აქედან 5 დღით ადრე მტკიცებულებები უნდა გავცვალოთ ბრალდების მხარესთან და ჩვენ ფაქტიურად 1 კვირა გამოგვდის უკვე სამუშაო დროდ, რომ მოვაგროვოთ ის მტკიცებულებები, რომ ჯეროვნად მოვახერხოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების დაცვა”, — განაცხადა   გელხაურმა TV პირველთან.

ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს მინიმუმ 40 დღე უნდა მისცეს, რადგან საქმე მძიმე ბრალდებას ეხება და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები აქვთ ადვოკატებს ჩასატარებელი.

“ცხრადღიანი ვადა გვაქვს, ფაქტიურად, 9 დღეში უნდა მოვიპოვოთ მტკიცებულები და 9 დღეში უნდა წარვადგინოთ, არ არის ეს გონივრული ვადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის, თან ჩვენ დაცვის ქვეშ მყოფებს უკიდურესად მძიმე მუხლი აქვთ წარდგენილი და ასე არ უნდა შევეზღუდეთ ამ შემთხვევაში სასამართლოს. თუმცა, სასამართლომ ეს ჩვენი მოთხოვნა უგულებელჰყო ,შეგვზღუდა და ყველაფერი გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობიდან. ვითხოვთ, რომ დაახლოებით 40 დღით გადაიდოს წინასასამართლო სხდომა, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვეძლება, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ”, — განაცხადა კობაიძემ TV პირველთან.

11 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი