ახალი ამბები

საზმაუს შენობის გაყიდვა 3-ჯერ სცადეს, ახლა კი დროებით აღარ ყიდიან

14 აგვისტო, 2020 • 1104
საზმაუს შენობის გაყიდვა 3-ჯერ სცადეს, ახლა კი დროებით აღარ ყიდიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მაუწყებლის შენობას (კოსტავას 68-ში) — მას შემდეგ, რაც აუქციონზე სამჯერ არ გაიყიდა, — დროებით აღარ ყიდიან. როგორც მაუწყებელი წერს 14 აგვისტოს განცხადებაში:

  • პირველი აუქციონი 40 მლნ. დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით 2020 წლის 16 ივნისს 1-თვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარე არ აღმოჩნდა და აუქციონი არ შედგა;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36 მლნ დოლარად გამოიტანა, მაგრამ აუქციონი კვლავ არ შედგა;
  • უძრავი ქონება ფასდაკლების მორიგი 10%-იანი ბიჯით, 32,4 მლნ დოლარად მესამედ იქნა გამოტანილი აუქციონზე, თუმცა მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა;

„უძრავი ქონების აუქციონზე მორიგ ჯერზე გამოტანასთან დაკავშირებით, საგარეო და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე, აღარ გააგრძელოს აუქციონის პროცედურები“, – წერია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მაუწყებლის თანახმად, პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ ეს გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:

„ახალი კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა ეკონომიკური პროცესების პარალიზება და განსაკუთრებული სიმძიმით სწორედ იმ სექტორებს შეეხო, რომლებიც ყველაზე მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი მაუწყებლის უძრავი ქონების გაყიდვასთან – სასტუმრო და სავაჭრო ბიზნესი. გლობალურის გარდა, გასათვალისწინებელია შიდა ფაქტორებიც, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, რა დროსაც ბიზნესსექტორი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის უძრავი ქონების გაყიდვაზე“.

განცხადების თანახმად, აუქციონი განახლებული პირობებით არჩევნების შემდეგ გამოცხადდება. „თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ პოტენციურ მყიდველებსა და ინვესტორებს მიაწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად“, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი