ახალი ამბები

გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

14 აგვისტო, 2020 •
გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის მასშტაბები, შემცირების ნაცვლად, გაფართოვდა: ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის თანახმად, ხუთშაბათის დემონსტრაციებს ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა. რიგი სახელმწიფო ქარხნების მუშებმა გაფიცვა გამოაცხადეს, ქალებმა კი კვლავ შეკრეს ცოცხალი ჯაჭვები, დაზარალებულებისა და დაკავებულებისადმი სოლიდარობის ნიშნად.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსის ქალაქებში დაიწყო არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოცხადებისთანავე, რომელთა მიხედვითაც ლუკაშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 80%-მა.

“გარდიანის” თანახმად, 13 აგვისტოს მინსკში, წინა დღეებისაგან განსხვავებით, საზეიმო განწყობა შეინიშნებოდა: პროტესტი, ახალი ტაქტიკის ფარგლებში, ცენტრში კონცენტრაციის ნაცვლად კვლავ მთელ ქალაქში გაიშალა. ადამიანთა დიდი ჯგუფები, დიდწილად, ქალები, ქუჩებში ყვავილებითა და გამარჯვების სიმბოლოებით გადაადგილდებოდნენ.

მოგვიანებით, მათ ისევ შეკრეს ცოცხალი ჯაჭვები ქალაქის ცენტრალურ ბულვართან. დემონსტრანტებს გამვლელი ავტომობილების მძღოლები სიგნალებითა და მხარდაჭერის შეძახილებით ამხნევებდნენ.

მედიის ცნობით, ქუჩებში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი გადაადგილება არ შეინიშნებოდა: პოლიცია და სპეცრაზმი, რომლებიც გასული დღეების მანძილზე სპეციალური საშუალებებით უპირისპირდებოდნენ და სცემდნენ დემონსტრანტებს, პრაქტიკულად არ იყვნენ ქუჩებში.

ხუთშაბათს სახელმწიფოს მხრიდან პირველი ბოდიშიც გაისმა.

“პასუხისმგებლობას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი პროტესტისას შემთხვევითი ადამიანების დაშავების გამო…”, – ციტირებს მინისტრს “რადიო თავისუფლება”. მისივე თქმით, ზოგიერთი დემონსტრანტი თავადაც ძალადობდა.

რადიოს ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკოს კიდევ ერთმა თანაგუნდელმა, ეროვნული საბჭოს ლიდერმა, ნატალია კოჩანოვამ, აღნიშნა, რომ ლუკაშენკომ დაკავებულთა საქმეების გადახედვის ბრძანება გასცა.

“ჩვენ არ ვიბრძვით, ჩვენ არ გვინდა ომი”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, დემონსტრაციებისას დაკავებულთა ნაწილი – 1 000 ადამიანი გათავისუფლდა ციხიდან, თუმცა იმ პირობით, რომ “არასანქცირებულ ღონისძიებებს” აღარ შეუერთდებიან.

პარალელურად, გავრცელდა ცნობები ბელარუსის უმსხვილესი სახელმწიფო ქარხნების მუშათა გაფიცვის შესახებ. ისინი პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ. სოცმედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ქვეყნის ავტოქარხნის ასობით მუშა, რომლებიც სკანდირებენ: “დიდება ბელარუსს”, “წადი!” ვრცელდება რკინიგზის მუშათა დემონსტრაციის კადრებიც.

მიმდინარე კვირაში მეორედ, პროტესტს კვლავ შეუერთდნენ მინსკის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები. მათ ყვავილებით ხელში სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს.

ამავე დღეს დემონსტრანტებს სოლიდარობა სიმღერით გამოუცხადეს ბელარუსის სახელმწიფო საფილარმონიო საზოგადოების წევრებმა: ისინი საკონცერტო დარბაზის შენობის გარეთ შეიკრიბნენ პლაკატით: “ჩემი ხმა მოპარულია”.

არჩევნების შემდგომ დაწყებული დემონსტრაციების დროს პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. შეტაკებების შედეგად ასობით მათგანი დაშავდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, ცრემლსადენ გზას, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებით.

სახელმწიფომ ოთხშაბათს მეორე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა. ოფიციალურ პირთა თქმით, დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა “უცებ გაუარესდა”. დაღუპულის დედამ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ მისი შვილი საერთოდ არ მონაწილეობდა პროტესტში და შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, როცა დააკავეს. დედის განცხადებით, მის შვილს გულის პრობლემები ჰქონდა და ეჭვობს, რომ დაღუპვამდე ის სცემეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორები და პოლიციის განყოფილებები, მასშტაბური დაკავებების ფონზე, გადატვირთულია.

სავარაუდო ზეწოლა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტზე

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 64.49%-მა მისცა ხმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი, რომელიც მის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, 14.92%-მა.

11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მანამდე გაასაჩივრა არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელსაც არ ცნობდა.

მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა, მისი შტაბის უფროსის, მარია მოროზის გათავისუფლების სანაცვლოდ. მოროზი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს.

ტიხანოვსკაიას მიერ ქვეყნის დატოვებიდან მალევე, გავრცელდა მისი მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო ბელარუსის დატოვება და იცის, რომ ამის გამო არაერთი “დაგმობს” ან “შეიძულებს”. მისი თქმით, გადაწყვეტილება თავისი შვილების გამო მიიღო.

მოგვიანებით პროსახელიწუფლებო გვერდმა გაავრცელა ტიხანოვსკაიას კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მხარდამჭერებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ბელარუსელებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს.

მისი თანაგუნდელების თქმით, ვიდეო არის ზეწოლის შედეგი: 10 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ რამდენიმე საათი გაატარა ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც, მისი კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკანონოდ იყო დაკავებული. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ვიდეოს ფონის მიხედვით გაავრცელა ცნობა, რომ მიმართვა სწორედ კომისიის ოფისშია ჩაწერილი.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.

საერთაშორისო გამოხმაურება

ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცეს ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩინეთის ლიდერებმა. ევროკავშირის ქვეყნებს ჯერჯერობით არ მიულოცავთ ლუკაშენკოსათვის.

14 აგვისტოს, ბელარუსის საკითხზე სამსჯელოდ, ერთმანეთს შეხვდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მზაობა გამოთქვეს მედიატორობისათვის  კრიზისის დასასრულებლად.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ემანუელ მაკრონის თქმით, “ძალიან დამწუხრებულია ბელარუსში არსებული სიტუაციისა და ძალადობის გამო, რომელსაც მოქალაქეები არჩევნების შემდგომ აწყდებიან”. მან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალა გაერომ დაგმო: ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაშელემ, მოითხოვა ყველას გათავისუფლება, ვინც უკანონოდაა დაკავებული. ის ასევე ითხოვს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე გამოძიების დაწყებას.

BBC-ის თანახმად, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს არჩევნების შედეგები და თქვა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინების და ძალადობრივი დარბევის ადგილი ევროკავშირში არ არის“.

BBC-ის ცნობითვე, გერმანიის მთავრობა „ძლიერ ეჭვებს“ გამოთქვამს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ხოლო პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევას ითხოვს კრიზისის განსახილველად.

რაც შეეხება აშშ-ს: ვაშინგტონში ამბობენ, რომ “ღრმად შეშფოთებულნი არიან” არჩევნებით და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებენ, “პატივი სცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი