ახალი ამბებისაზოგადოება

ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვაზე გაფრთხილება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

13 აგვისტო, 2020 • 1475
ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვაზე გაფრთხილება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთების ერთ-ერთი პარტიაში Covid-19 აღმოჩენას და ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.

სააგენტოს განმარტებით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება.

“გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც შესაძლოა გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს. ამ ეტაპზე საქართველოს ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია”, — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, საქართველოში ხორცის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებს ჩატარებული აქვთ ინსპექტირება და რომლებიც აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.


ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით „როიტერსი“, CNN და სხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთების ერთ-ერთი პარტიაში Covid-19 აღმოაჩინეს.

როგორც Reuters წერს, შენჯენის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მოიძიეს ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება აღნიშნულ პროდუქტთან შემხებლობაში ყოფილიყო, ჩაუტარეს ტესტირება და არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.

CNN-ის ინფორმაციით, კორონავირუსი ოთხშაბათს, 12 აგვისტოს აღმოაჩინეს ქათმის გაყინული ფრთების ერთ-ერთი პარტიის ზედაპირზე სკრინინგის დროს. კომპანია, რომელსაც პროდუქტი ეკუთვნოდა, არ სახელდება.

გამოცემის თანახმადვე, ხელისუფლება ახლა ეძებს აღნიშნული კომპანიის სხვა პროდუქტებს, რაც უკვე გაყიდულია. იმ ადგილებს, სადაც პარტიას ინახავდნენ, დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჩინეთში იმპორტირებულ გაყინულ ქათამში კორონავირუსი აღმოაჩინეს – გადადების რისკი დაბალია

მასალების გადაბეჭდვის წესი