ნეტგაზეთი | ჩინეთში იმპორტირებულ გაყინულ ქათამში კორონავირუსი აღმოაჩინეს – გადადების რისკი დაბალია ჩინეთში იმპორტირებულ გაყინულ ქათამში კორონავირუსი აღმოაჩინეს – გადადების რისკი დაბალია – Netgazeti

ჩინეთში იმპორტირებულ გაყინულ ქათამში კორონავირუსი აღმოაჩინეს – გადადების რისკი დაბალია

ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით „როიტერსი“, CNN და სხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთების ერთ-ერთი პარტიაში Covid-19 აღმოაჩინეს.

როგორც Reuters წერს, შენჯენის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მოიძიეს ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება აღნიშნულ პროდუქტთან შემხებლობაში ყოფილიყო, ჩაუტარეს ტესტირება და არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.

CNN-ის ინფორმაციით, კორონავირუსი ოთხშაბათს, 12 აგვისტოს აღმოაჩინეს ქათმის გაყინული ფრთების ერთ-ერთი პარტიის ზედაპირზე სკრინინგის დროს. კომპანია, რომელსაც პროდუქტი ეკუთვნოდა, არ სახელდება.

გამოცემის თანახმადვე, ხელისუფლება ახლა ეძებს აღნიშნული კომპანიის სხვა პროდუქტებს, რაც უკვე გაყიდულია. იმ ადგილებს, სადაც პარტიას ინახავდნენ, დეზინფექცია ჩაუტარდა.

2020 წლის ივლისიდან დღემდე ჩინეთში 7 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც კორონავირუსი იმპორტირებულ პროდუქტებზე აღმოაჩინეს.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აცხადებენ, კორონავირუსის საკვები პროდუქტებით გადადების ალბათობა ძალზედ დაბალია.

WHO-ს განცხადებით,  „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანები Covid-19-ით საკვებით ან საკვების შეფუთვით დაავადდნენ.

ორივე ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა რესპირატორული ნაწილაკებით, — როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს, ან საუბრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com