საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10.
“ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის ინფექციის წყარო ლენჯერია, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი კი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის ერთი სატვირთოს მძღოლია”, – განაცხადა 13 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 198 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 7-ის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სტაბილურია, 17 პაციენტში კი ინფექცია სტაბილურად მძიმედ მიმდინარეობს.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1068 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
მთავრობის შექმნილი ვებგვერდის თანახმად, ამჟამად კარანტინში იმყოფება 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 245.
10 აგვისტოს სვანეთში გამოვლენილი შემთხვევების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი და საკარანტინო წესები შემოიღეს. სვანეთში ჩარჩენილ ტურისტები, დატოვების შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
შესწორება: ნიუსში თავდაპირველად ეწერა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც არასწორია. თავდაპირველი ვერსია შემდგომ ჩასწორდა.








