ახალი ამბები

გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ Covid-19-მა მათი ოჯახების მდგომარეობა გააუარესა

12 აგვისტო, 2020 • 870
გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ Covid-19-მა მათი ოჯახების მდგომარეობა გააუარესა

IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ  მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მეტ-ნაკლებად გაუარესდა, ხოლო 25%-ს მიაჩნია, რომ ძალიან გაუარესდა. მხოლოდ 29% აცხადებს, რომ მათი ოჯახების ყოფა Covid-19-ის პირობებში იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 40%-ს მიაჩნია რომ პანდემიის დაწყებიდან საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, 42% აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად გაუარესდა და მხოლოდ 15%-ს მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა.

კითხვაზე, როგორ აღწერდნენ მოქალაქეები საკუთარი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა 43%-ს მიაჩნია, რომ მეტ-ნაკლებად ცუდად, 22% კი მათი ოჯახების ეკონომიკურ ყოფას ძალიან ცუდად აფასებს. 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობას მეტ-ნაკლენად კარგად აფასებდნენ.

IRI-ის კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი