ახალი ამბები

ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

12 აგვისტო, 2020 • 1393
ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზოდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა.

ემიგრანტების შვილი, 55 წლის სენატორი კამალა ჰარისი ფერადკანიანი ქალია, რომელიც კონგრესში გამუდმებით ლიბერალების მხარდამჭერია. ჰარისს კალიფორნიაში გენპროკურორად მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები სენატორის კარიერის სწორედ ამ პერიოდს აკრიტიკებენ, რადგან ჰარისმა კალიფორნიაში სისხლის სამართლის რეფორმა ვერ განახორციელა.


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, სწორედ ის გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. მაგალითად, პრეზიდენტის გადადგომის/გარდაცვალების ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში [მაგალითად, ოვალური კაბინეტი 1963 წელს ვიცე-პრეზიდენტმა ლინდონ ბეინს ჯონსონმა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის შემდეგ დაიკავა, 1974 წელს კი, ჯერალდ რუდოლფ ფორდმა რიჩარდ მილჰაუზ ნიქსონის გადადგომის შემდეგ].

ვიცე-პრეზიდენტი აგრეთვე შეიძლება გახდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი — თუ, მაგალითად, პრეზიდენტს ოპერაციას უტარებენ და ა.შ. [ბოლოს ასეთი შემთხვევა ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას მოხდა, 2007 წელს, იქამდე კი 43-ე პრეზიდენტის მამა, რონალდ უილსონ რეიგანის ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ორჯერ იყო მოვალეობის შემსრულებელი].

ამ ყველაფერთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არაა და აშშ-ის კონგრესის სენატის პრეზიდენტის პოსტსაც იკავებს. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს იმ შემთხვევაში, თუ სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა — ამ დროს გადამწყვეტ ხმას სწორედ ვიცე-პრეზიდენტი აძლევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი