ახალი ამბები

მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა არაკონსტიტუციურია – განსხვავებული აზრი

11 აგვისტო, 2020 • 1999
მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა არაკონსტიტუციურია – განსხვავებული აზრი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 30 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე. სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და მისი გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4-მა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა, ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თამაზ ცაბუტაშვილმა პლენუმის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირეს და თქვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, ერთი მხრივ, საბჭოს წევრებს არ უზრუნველყოფს კანდიდატთა სათანადოდ შერჩევისთვის საჭირო მექანიზმებით, მეორე მხრივ კი, საერთოდ არ შეიცავს გარანტიებს, რომელიც საბჭოს წევრების თვითნებობისა და მიუკერძოებლობისაგან დაიცავს შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს.

დავის საგანი

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონით დადგენილი წესით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევს. საბჭო განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის შესახებ ფარულ კენჭისყრას ატარებს და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ აქვს. სახალხო დამცველი თავის სარჩელში მიუთითებდა, რომ ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანობას და შესაძლებელს ხდიდა ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, ამგვარი პროცედურა ართულებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მიკერძოების შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობას, რაც არღვევს მოსამართლეობის კანდიდატთა საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. იმავდროულად, მოსარჩელეთა განმარტებით, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების საფუძველზე შექმნილ და დაკომპლექტებულ სასამართლოს გააჩნია კონსტიტუციურ-სამართლებრივი ლეგიტიმაცია, რასაც ეჭვქვეშ აყენებს ზემოხსენებული პროცედურა და, შესაბამისად, იწვევს ნებისმიერი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის რამდენიმე ეტაპის არსებობა და ყველა ეტაპზე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის გამოკვლევისა და ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობა, საბოლოოდ, განაპირობებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატთა წარდგენის შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიური ორგანოა, მისი გადაწყვეტილება არ საბუთდება. იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ კენჭისყრის ფარულობა ძირითადად ემსახურება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირის დაცულობას.

სასამართლომ კანდიდატთა მიერ თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭების წესთან მიმართებით მიუთითა, რომ პირის სპეციალობით მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მისი კვალიფიკაციის ხარისხობრივი მსაზღვრელი და ობიექტური კრიტერიუმია და არ ქმნის კანდიდატთა უფლების თვითნებურად შეზღუდვის საფუძველს. ამრიგად, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არ მიიჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ “მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რატომ უზრუნველყოფს კენჭისყრის ღიაობა პროცესის უფრო მეტად კონსტიტუციურ ფარგლებში წარმართვას, ვიდრე ფარულობა”.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შემაშფოთებელი უწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „გადამწყვეტი იყო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს, გაუმჭვირვალე პროცედურით, სწორედ იმ მოსამართლეთა მიერ შეირჩა, რომლებიც სადავო ნორმების საფუძველზე განწესდნენ უზენაეს სასამართლოში“.

4 მოსამართლის განსხვავებული აზრი

თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თამაზ ცაბუტაშვილი ცალსახად არასწორად მიიჩნევენ საქართველოს კონსტიტუციის იმგვარ ინტერპრეტაციას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს გადაწყვეტილება და მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება ზრდის შერჩევის პროცესის სანდოობას, უფრო ეფექტურს და სამართლიანს ხდის მას.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცედურა, ერთი მხრივ, საბჭოს წევრებს არ უზრუნველყოფს კანდიდატთა სათანადოდ შერჩევისათვის საჭირო მექანიზმებით. მეორე მხრივ კი, საერთოდ არ შეიცავს გარანტიებს, რომელიც საბჭოს წევრების თვითნებობისა და მიუკერძოებლობისაგან დაიცავს შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს. პირველი კენჭისყრის პირობებში საბჭოს წევრებს, ფაქტობრივად, შეუძლიათ, სრულად საკუთარი სურვილით დააკომპლექტონ კანდიდატთა სია, რომლებიც შემდგომში აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. კვალიფიციური მონაწილეების გამოთიშვა შერჩევის პროცესიდან შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ მათ არც კი მოუსმინონ. ამავე დროს, პირველი კენჭისყრის შემდეგ ჩატარებული კანდიდატთა საჯარო მოსმენა და შეფასება ფორმალურ ხასიათს ატარებს და სამართლებრივ გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საკითხის გადაწყვეტის თითოეულ ეტაპზე საბჭოს წევრებს მინიჭებული აქვთ დაახლოებით ისეთივე თავისუფლება, როგორიც ამომრჩეველს საარჩევნო ურნასთან (რომელიც არჩევანში თავისუფალია და არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული). სადავო ნორმებით შექმნილი პროცედურა უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების განმახორციელებელი პირების ანგარიშვალდებულების პრინციპს და, ფაქტობრივად, არარად აქცევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა”, – ნათქვამია ოთხი მოსამართლის განსხვავებულ აზრში.

ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების შერჩევის დადგენილი პროცედურა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს და აჩენს დასაბუთებულ კითხვებს საზოგადოებაში შერჩევის პროცესის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო შეფასებები

2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაამტკიცა 14 მოსამართლე იმ 20-დან, რომელთა კანდიდატურებიც იუსტიციის საბჭომ წარუდგინა. საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ერთმა კანდიდატურა მოხსნა, 5-მა კი პარლამენტის წევრთა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მოსამართლეთა დანიშვნა კრიტიკულად შეაფასეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

“შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა, ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა საბოლოო კენჭისყრამდე მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

“ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი, რომელბსაც ლობირებას ხელისუფლება უწევს.

ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები

მასალების გადაბეჭდვის წესი