ახალი ამბები

შემაშფოთებელია — ლომჯარია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

30 ივლისი, 2020 • 1046
შემაშფოთებელია — ლომჯარია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე.

შესაბამისი განცხადება ლომჯარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად“, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, არ გაუქმდა.

ლომჯარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ხმების გადანაწილებაზე და დასძინა, რომ „გადამწყვეტი იყო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს, გაუმჭვირვალე პროცედურით, სწორედ იმ მოსამართლეთა მიერ შეირჩა, რომლებიც სადავო ნორმების საფუძველზე განწესდნენ უზენაეს სასამართლოში“.

სახალხო დამცველის თქმითვე, „ეს ფაქტორი განსაკუთრებით იმსახურებს ხაზგასმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას და აჩენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების მოტივაციასთან დაკავშირებით“.


საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ „არ დაკმაყოფილდეს 1559-ე და 1491-ე კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სახალხო დამცველის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება უნდა ჰქონდეს და მისი გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.

დეტალურად ამ თემაზე იხილეთ:

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი იგივე დარჩა – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

მასალების გადაბეჭდვის წესი