ახალი ამბები

ზოგიერთი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით – EU მოსამართლეებზე

13 დეკემბერი, 2019 • 2086
ზოგიერთი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით – EU მოსამართლეებზე

აშშ-ის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ამჯერად ევროკავშირი ეხმაურება კრიტიკულად. 13 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერმა შემდეგ განცხადება გაავრცელა:

გუშინ საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია.

შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც აშკარა იყო შერჩევის პროცესში. პარლამენტში მოსმენები გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა საბოლოო კენჭისყრამდე მეტი ძალისხმევა უნდა დათმობოდა კანდიდატთა შერჩევის დასაბუთებას.

საქართველოს ვალდებულებას, დაიცვას ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტები სასამართლო სისტემაში, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემისადმი საქართველოს მოქალაქეების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის განვითარებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერ შემდგომ დამტკიცებამდე საჭიროა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა იმისთვის, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სხვა ძირითადი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები“.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაამტკიცა 14 მოსამართლე. 5-მა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ერთმა კი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა არჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის „მოსამართლეთა კლანის“ წევრი, რომელბსაც ლობირებას ხელისუფლება უწევს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ კრიტიკული განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, რომლის შეფასებით, „კანდიდატების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა და  მიუკერძოებლობა“.

ვრცლად:

აშშ-ის საელჩოს განცხადება მოსამართლეთა დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი