ახალი ამბები

ლევან კობერიძე „ლელოში“ გაწევრიანდა

11 აგვისტო, 2020 •
ლევან კობერიძე „ლელოში“ გაწევრიანდა

ლევან კობერიძე „ლელოში“ გაწევრიანდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

კობერიძემ განაცხადა, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

„მე ვაკვირდებოდი ამ გუნდს დიდი ხანია და „ლელოს“ მხრიდანაც მიმდინარეობდა ჩემზე დაკვირვება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისთვის“, – ამბობს კობერიძე.

კობერიძემ ამავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ლელოსთან“ ერთად ეცდება ყველა ის პრობლემა გამოასწოროს, რის გამოც მანამდე „ოცნებას“ აკრიტიკებდა.

  • ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის მაისში დატოვა. მან პირველ მაისს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს.  კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ კობერიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს.
  • 2020 წლის ივნისში კი კობერიძემ, ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. 
  • რაც შეეხება „ლელოსთან“ თანამშრომლობას, კობერიძე მანამდეც აცხადებდა, რომ ამ პარტიასთან კონსულტაციები ჰქონდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი