პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვა დაწესდება. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, თუ რა სახის შეზღუდვები დაწესდება, ეს რამდენიმე საათში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებისგან გახდება ცნობილი. მისივე თქმით, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, სამეგრელოში სამედიცინო სისტემა მზადაა, მათ მოემსახუროს.
“სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვა იქნება, ისევე როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა ტესტირების რეჟიმი აქტიურად დაიწყოს. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა ყველა იქნება მიხედილი. ყურადღების გარეშე არავინ დარჩება”,-აცხადებს გახარია.
დღეს, 10 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ სვანეთში კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.