ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ომის შემდეგ თბილისი და საქართველო ჩემთვის გაუცხოვდა – ლირა კოზაევა ცხინვალიდან

8 აგვისტო, 2020 • 1922
ომის შემდეგ თბილისი და საქართველო ჩემთვის გაუცხოვდა – ლირა კოზაევა ცხინვალიდან

ზეპირი ისტორია

ლირა კოზაევა, სამოქალაქო აქტივისტი, ცხინვალი 

ესაუბრა ირინა იანოვკსაია


მანანა მებუკემ, ჩემმა კოლეგამ [ღმერთმა გაანათლოს მისი სული] მე და ჩემი შვილი და შვილიშვილი იმ ზაფხულს ბათუმში საკუთარი ბინა დაგვითმო. 28 ივლისს უკვე ზღვაზე ვიყავით. 

დასვენება ასეც ვერ შევძელი, რადგან პირველი აგვისტოს შემდეგ უკვე ვიღებდი სახლიდან ინფორმაციას, რომ ცხინვალი პერიოდულად ობომბებოდა. ბუნებრივია, მშვიდად ვერ ვიქნებოდი. ეუთო-ში მომუშავე ნაცნობს დავურეკე და ვკითხე, რამდენად საშიში იყო სიტუაცია, რაზეც მიპასუხა, რომ სავარაუდოდ, როგორც ყოველთვის ,“ჩაივლიდა ყველაფერი”, თუმცა სახლში დაბრუნების გადაწყვეტილება მაინც მივიღე. 

6 აგვისტოს, ღამით, მატარებლით დავბრუნდით მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი თბილისში, საიდანაც დილით მანანამ საკუთარი მანქანით წაგვიყვანა გორის ხიდამდე. 

საღამოს ისევ დავურეკე ჩემს ნაცნობს ეუთო-დან და უკვე დახმარება ვთხოვე. ისე დაემთხვა, რომ ცხინვალის ოფისის ეუთოს მანქანა ზუსტად იმ დღეს გორიდან ცხინვალში ბრუნდებოდა. გორში მანქანით გავჩერდით და ეუთოს მანქანას დაველოდეთ.

2 საათზე მეტხანს ველოდეთ. ამასობაში, ცხინვალის მიმართულებით სამხედროებით დატვირთული, გადახურული სატვირთო მანქანების კოლონამ ჩაგვიარა. სამხედროები ხელს გვიქნევდნენ, იცინოდნენ, ზოგი მღეროდა. აზრადაც არ გამივლია, რომ ისინი საომარი მოქმედებებისთვის გადაჰყავდათ. ვიფიქრე – სამხედრო წვრთნებზე მიდიან-მეთქი. 

მოულოდნელად, გზის მარჯვენა კიდეზე ავტომობილი გამოჩნდა, რომელიც ძველი “პობედას” ჰგავდა. თეთრი ფერის იყო, თუმცა, უზარმაზარი და დაბურული მინებით. ზემოთ კი ტყვიამფრქვევი იყო დამონტაჟებული. მანანას ვკითხე, ეს რა არის-მეთქი? მანანა გაფითრებული ჩანდა და ქართულად ძლივს ჩაილუღლუღა – “გაჩუმდიო”. შემდეგ მუქი ფერის “უცხოური” მანაქნა გამოჩნდა და ისიც ჩვენ ახლოს გაჩერდა. სავარაუდოდ, ჩვენი მანქანა შენიშნეს და შესამოწმებლად გაჩერდნენ. 

გავიფიქრე, რომ შეიძლება შვილებთან ერთად დავეპატიმრებინე და დაკითხვაზე წავეყვანე. საშინელი შიშის გრძნობა დამეუფლა. ჩემ გამო არა, ჩემი შვილების გამო შემეშინდა. იმ მომენტში რაღაც გაურკვეველი რამ მოხდა ჩემს თავს. დავიწყე ისტერიული სიცილი და ბათუმში ყოფნის დროს რაღაც ეპიზოდების გახსენება. სიცილით ვამბობდი, რომ დავმხრჩვალიყავი, იტყოდნენ, მანანამ სპეციალურად დაგეგმა ჩვენი ვიზიტი-მეთქი, კიდევ ბევრ სისულელეს ვლაპარაკობდი. მერე ცრემლები წამომივიდა. შვილები გაოგნებული მიყურებდნენ.

თეთრი მანქანა მალევა გატრიალდა და წავიდა, მეორე მანქანა კი უფრო მოგვიახლოვდა. ამასობაში ეუთო-ს მანქანაც გამოჩნდა, ქულერებისთვის პლასტმასის წყლის დანადგარებით. გადავჯექით. მანანა თბილისში დაბრუნდა. მთელი გზა მანქანაში გაოგნებული ვიჯექი, ფეხებს ვერ ვგრძნობდი და თავბრუ მეხვეოდა. 

ცხინვალის შესასვლელთან, სადაც ადრე ქართული და ოსური პოსტები იდგა, კაციშვილი არ იყო. ქალაქში საღამოს ხუთ საათზე შევედით.  

სახლში დაბრუნებისას ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ტრაგედიამდე დროის ათვლა დაწყებული იყო.

ლირა კოზაევა; ფოტო: ნეტგაზეთი/ირინა იანოვსკაია

შემთხვევით შემორბენილი ნაცნობი მძღოლის წყალობით, შვილი და შვილიშვილი მაშინვე ვლადიკავკაზში, ნათესავებთან გავამგზავრეთ. სახლში მე, ჩემი ქმარი და ასაკოვანი დედამთილი დავრჩით. 

საღამოს 7 საათზე ქართული არხებზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ვნახე. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავადმყოფის საწოლთან იდგა და ოს ხალხს მიმართავდა: “მინდა ყველა დავამშვიდო და გთხოვოთ, იყოთ დარწმუნებული, რომ ოსური მხრიდან არანაირი პროვოკაციას არ ავყვებით და არ ვისვრით. შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ”. 

ჩვენ დასაძინებლად დავწექით. 12 საათზე ან ცოტა უფრო ადრე, ზუსტად არ მახსოვს, რაღაც აფეთქების ტალღამ ჩემი ქმარი იატაკზე ჩამოაგდო. შემდეგ როგორც გავიგეთ, ჭურვი მეზობელ ქუჩაზე, ორი სახლის გამოტოვებით დაეცა. ჩვენი ფანჯრების შუშები ჩაიმსხვრა. მალევე დაცხრილვა დაიწყო.  

სარდაფი არ გვქონდა და მხოლოდ პირველ სართულზე შეგვეძლო თავის შეფარება. უკვე პანიკაში მყოფებმა მეორე სართულიდან დავიწყეთ საბნების, ლეიბების და ბალიშების ჩამოტანა, რომ ჩამსხვრეულ ფანჯრებზე აგვეფარებინა.

მოხუცი დედამთილი შიდა ოთახის კუთხეში დავსვით, რომლის თავზეც კაპიტალურად გაკეთებული ბეტონის ჭერია და შედარებით უსაფრთხოა. 

ფანჯრებთან, იატაკზე დავწექით და რიგრიგობით მივცოცავდით დედამთილთან, რომ გაგვეგო, როგორაა.

ირგვლივ სროლის ხმა არ წყდებოდა. ვგრძნობდი, რომ სიკვდილი სადღაც ახლოს იყო, მისი ეპიცენტრი კი- ჩვენი რაიონი. ვფიქრობდი, თუ სახლი დაინგრევა და დავიღუპებით, ნანგრევებში მალე ვერ გვიპოვნიდნენ, ამიტომ დავიჟინე, რომ ბოსტანში, სადაც ძველი დაბალი ნაგებობა იდგა, იქ გადავსულიყავით. იქ უფრო მალე გვიპოვიდნენ.

უკვე 9 აგვისტოს საღამოს ავიღე თერმოსი ცხელი წლით, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ. ალბათ, ვფიქრობდი, რომ დიდხანს მოგვიწევდა იქ ყოფნა და ცხელ წყალს მაინც დავლევდით. ჩემმა ქმარმა მოკიდა დედამისს ხელი და ძალიან სწრაფად გადავინაცვლეთ ბოსტანში. თან ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ შვილების გაგზავნა მოვასწარი. სხვა შემთხვევეაში ამ ჯოჯოხეთის გამოვლა მათაც მოუწევდათ. 

9 აგვისტოს, მთელი დღე, კოშმარული გუგუნი ისმოდა. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ დაბომბვის ეპიცენტრი სწორედ ჩვენს სახლთან იყო. როდესაც ჭიშკარი გაიღო და ჩემი ძმა ნუგზარი ცოლთან და შვილებთან ერთად ბოსტანში შემოვარდნენ, გაოგნებული ვიყავი იმით, რომ ქალაქის მეორე ბოლოდან სწორედ ეპიცენტრში მოვიდნენ. მერე, როგორც მითხრეს, ჩვენს რაიონში, მათ რაიონთან [ტელევიზიის რაიონი] შედარებით, სიმშვიდე იყო და ამიტომაც გადაუწყვეტიათ, თავი ჩვენი სახლისთვის შეეფარებინათ. 

ასეთ სიტუაციებში, ალბათ, ნებისმიერი დედა შვილებზე ფიქრობს. მანანას დავურეკე და ვუთხარი, სად იყო სახლის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და ვთხოვე, თუ დავიღუპებოდით, ჩემს შვილებზე და მათი საკუთრების დაცვაზე მას ეზრუნა. დღესაც სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩვენი საუბარი. 

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. უფრო მეტიც, 2004 წლამდე ვერც კი წარმომედგინა, რომ საქართველოს გარეშე შევძლებდით ცხოვრებას. მით უმეტეს, სააკაშვილი ინაუგურაციამდე გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველო ოსების გარეშე ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენ, ქართველები, ისეთ საქართველოს ავაშენებთ, ოსები თავად დაბრუნდებიან საქართველოშიო. 

ამის შესახებ ბევრი დისკუსია მქონდა ოს კოლეგებთან, რომლებიც მისმენდნენ და მომავლის პროგნოზებთან დაკავშირებით ჩემი გულუბრყვილობით გაკვირვებული იყვნენ.

ამ განცხადებას კი ერგნეთის ბაზრის დახურვა მოჰყვა, რომელმაც ფაქტიურად “ეპიზოდური” სამშვიდობო როლი შეასრულა

ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელ სახლში მოხუცები და ბავშვი დაიღუპნენ. ისინი მოედანზე დაასაფლავეს. ვხედავდი მიტინგზე მოსული ადამიანების სახეებს. ეს იყო დასასრული!.

2008 წლის შემდეგ კიდევ ვიყავი თბილისში. ავადმყოფი მეგობარი მოვინახულე. ძალიან მძიმედ იყო. იმავე დღეს მეგობარმა დამპატიჟა, რომელიც ჩვენთან, ეუთო-ში მუშაობდა. იქ კიდევ იყვნენ საერთო ნაცნობები. თბილისში მეშვიდე სართულზე ჰქონდა ბინა, უზარმაზარი აივნით, სადაც ყველა ერთად გასაგრილებლად გავედით.  

რაღაც მომენტში თავზე ვერტმფრნებმა გადაგვიფრინეს, ძალიან დაბლა დაშვებული ქართული დროშებით. იქ თქვეს, რომ ხვალინდელი დამოუკიდებლობის დღის რეპეტიცია იყო. ამის გაგონებაზე თითქოს შიგნით ყველაფერი ამომიტრიალდა.  განცდა გამიჩნდა, რომ თითქოს მეც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩამოვედი თბილისში.

საღამოს ისევ მივედი ჩემს ავადმყოფ მეგობართან და მოვუბოდიშე, რომ ვეღარ დავრჩებოდი და სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავი უკან. უკვე გზაში მივხვდი, რომ, სამწუხაროდ, საქართველო და თბილისი ჩემთვის უკვე გაუცხოებული იყო. 

აგვისტოს ომის შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან და მკითხა, მართლა ისროდნენ თუ არა ცხინვალში ქართველები და მითხრა, რომ ჩენს ნებისმიერ სიტყვას ენდობოდა. მე ტელეფონში მქონდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ქართული მოტორიზებული ქვედანაყოფი ცხინვალში შედის და ცენტრალური ქუჩისკენ მიმავალი სახლების მიმართულებით ისვრის. ეს ჟურნალისტი აფხაზეთზე ფილმებს იღებდა და სურდა, ობიექტური ყოფილიყო. თუმცა არ იცოდა სიმართლე აგვისტოს ომის ამბებზე. მითხრა, რომ ნანახით გაოგნებულია. ამ ისტორიამ დამარწმუნა, რომ საქართველოს მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია ამ მოვლენებზე არ ჰქონია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი