ახალი ამბები

ძალიან თავმდაბალი მთავრობა ვართ — თურნავა

7 აგვისტო, 2020 • 910
ძალიან თავმდაბალი მთავრობა ვართ — თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა “თავმდაბალია” და მათ მიერ გაკეთებული საქმეთა ნაწილი არ ხმაურდება. ასე უპასუხა თურნავამ  “პალიტრანიუსის” ეთერში დასმულ კითხვას, რომელიც  მთავრობის მიერ stopcov-ის ფონდში ბიძინა ივანიშვილის შენატანზე მუდმივ აქცენტირებას შეეხებოდა.

მისი თქმით, “არაფერი დაშავდება”, თუ საზოგადოებას კოვიდფონდში ივანიშვილის შენატანის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენებენ.

“ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც ზედემტი თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, ალბათ, დამეთანხმება ამაში.

რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და 130 მილიონი არის მობილიზებული, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი, ეს არის ფაქტი. მანამ, სანამ ვიტყოდით, რომ იხარჯება, ძალიან ბევრი კითხვა იყო: როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ. ახლა ჩვენ განვმარტეთ, როდის ვხარჯავთ და რისთვის ვხარჯავთ, ვხარჯავთ ახლა ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. 100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ე.ი. სწორად ვიქცევით”, — განაცხადა თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს ზამთრის განმავლობაშიც დაუფარავს.

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 3-თვიანი პროგრამა მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გამოაცხადა. გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისი გრძელვადიანი იქნება, აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პროგრამ ნოემბერ-თებერვლის პერიოდშიც გაგრძელდეს.

მთავრობამ 6 აგვისტოს ასევე გამოაცხადა დამატებითი პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებისა და კრიზისთან ბრძოლისთვის 485 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

მაშველი ვირუსი “ქართული ოცნებისთვის”?

მასალების გადაბეჭდვის წესი