თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ანგარიშზე არსებული თანხა სახელფასო დანაზოგი იყო.
„სახელფასო ანაბარზე … მისი ხელფასები და ტრანზაქციები… დაკავშირებული იყო, როდესაც იგი აგროვებდა თანხებს, რომ წასულიყო საზღვარგარეთ სასწავლებლად“, – თქვა ადვოკატმა 7 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ, რაც შსს-ში უწყების წარმომადგენლებისა და ოჯახის შეხვედრა დასრულდა.
„როდესაც იყო ინფორმაციები, თითქოსდა ჩარიცხულია ძალიან დიდი რაოდენობის თანხები, რამდენიმე ასეულ ათასზე იყო საუბარი, ეს არ არის სიმართლე“, – თქვა რამიშვილმა.
შსს-მ 5 აგვისტოს შუალედურ ანგარიშში დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილს ანგარიშზე 75 ათასი ლარი ჰქონდა.
მიხეილ რამიშვილის თანახმადვე, ექსპერტიზამ უჩვენა, რომ მცირე ზომის ფურცელზე („სტიკერზე“) დაწერილია სიტყვები — „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თუმცა გასარკვევია, როდის დაწერა მან ეს სიტყვები:
„ნაწერი იყო მისი კალიგრაფია, როგორც ექსპერტიზიდან დამტკიცდა, მაგრამ გამოსაკვლევია, ეს როდინდელია“, – თქვა ადვოკატმა.
„საინტერესო ჩვენებებია, ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი ჩვენებაა, ძალიან ბევრ რამეზე კიდევ ძალიან ბევრი კითხვა გამოჩნდა… ყველა ჩვენი ეჭვი უნდა გაბათილდეს ძალიან ობიექტური და ძალიან დაჩქარებული ტემპით“, – განაცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.
ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვაც მოითხოვა.