ახალი ამბები

ბეირუთის აფეთქების საქმეზე 16 პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 • 1134
ბეირუთის აფეთქების საქმეზე 16 პირი დააკავეს

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მძლავრი აფეთქების საქმეზე გამოძიების ფარგლებში 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მედია იტყობინება.

მოსამართლის თქმით, რომელიც სამხედრო სასამართლოში მთავრობას წარმოადგენს, საქმეზე, ჯამში, 18 ადამიანი დაიკითხა. მათ შორის არიან ბეირუთის პორტისა და საბაჟოს თანამშრომლები.

16 ადამიანი დააკავეს, დანარჩენები კი გამოძიების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობამ საგამოძიებო კომიტეტს მომხდარზე პასუხისმგებელ პირთა გამოსაკვეთად 4 დღე მისცა.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 130-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს.

წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი