ნეტგაზეთი | “რუსთავის აზოტი” ვერ აკონკრეტებს, დამზადდა თუ არა ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი რუსთავში “რუსთავის აზოტი” ვერ აკონკრეტებს, დამზადდა თუ არა ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი რუსთავში – Netgazeti
RU | GE  

“რუსთავის აზოტი” ვერ აკონკრეტებს, დამზადდა თუ არა ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი რუსთავში

ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებასთან და აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის წარმომავლობასთან  დაკავშირებით სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტი” განცხადებას ავრცელებს. კომპანია პასუხობს ცნობებს, რომლის თანახმადაც ნიტრატი, რომელიც მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა 2013 წელს ბათუმიდან გაიტანა, რუსთავში იყო წარმოებული.

სააქციო საზოგადოება ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან მხოლოდ 3 წელია, რაც ქარხანას ამუშავებენ. 2013 წელს კი ქარხანას სხვა კომპანია, შპს “რუსთავის აზოტი” მართავდა.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბეირუთში აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქიდან, რომ სს “რუსთავის აზოტი” ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები”, – წერს კომპანია.

მათივე თქმით, “რუსთავის აზოტი” მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე ოდენობას აწარმოებს და ლოკალური და საერთაშორისო სტანდარტით ინახავს, ასევე, გააქვს ექსპორტზე.

კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების თვისებებს. ბეირუთის პორტში კი აღნიშნულ ნივთიერებას 2013 წლიდან ინახავდნენ.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.


ამონიუმის ნიტრატის ზემოაღნიშნული მარაგი ბეირუთში 2013 წელს მოხვდა მას შემდეგ, რაც ლიბანის დედაქალაქის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ის საქართველოდან, კერძოდ, ბათუმის პორტიდან, აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული გავიდა და მოზამბიკისკენ მიემართებოდა.

ბეირუთის პორტში გაჩერებისა და ტექნიკური ინსპექციის შემდეგ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, გემს მოგზაურობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მალევე კი ის მფლობელებმა მიატოვეს. როგორც Shiparrested.com წერს,  ნივთიერების გემზე დატოვების თანმდევი რისკების ფონზე, ის ჩამოტვირთეს და პორტის საწყობებში განათავსეს.

ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს.

ბათუმიდან გასულ ამ გემთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განმარტება 5 აგვისტოს გაავრცელა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომხდართან  რაიმე ფორმით საქართველოს დაკავშირება საფუძველსაა მოკლუბული და ამონიუმის ნიტრატი, რომელიც აღნიშნულ გემს გადაჰქონდა, ყოველწლიურად დიდი რაოდენობით გადის საერთაშორისო ბაზარზე.

წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა: Reuters

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან