ახალი ამბები

“რუსთავის აზოტის” თანამშრომლების გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა

4 მაისი, 2021 •
“რუსთავის აზოტის” თანამშრომლების გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების განცხადებით, “რუსთავის აზოტის” თანამშრომლების მიერ 27 აპრილს დაწყებული გაფიცვა, რომელმაც გაფიცვის მე-3 დღეს საწარმოს სრულად გაჩერება გამოიწვია, კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა.

პროფკავშირების თქმით, გაფიცვის მე-5 დღეს კომპანიის ადმინისტრაციამ გაფიცულებს შემდეგი შეთავაზება გააცნო:

  • იმ დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც არ აღემატება დარიცხულ 1000 ლარს, ხელფასი გაეზარდოთ დარიცხული 250 ლარით;
  • იმ დასაქმებულებს, რომელთა დარიცხული ხელფასიც შეადგენს 1500 ლარს, ხელფასი გაეზარდოთ დარიცხული 125 ლარით;
  • გაფიცვის შეწყვეტისთანავე ყველა დასაქმებულს ჩაერიცხება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ფულადი საჩუქარი 50 ლარის ოდენობით;
  • კომპანია დასაქმებულების ხელფასიდან არ ჩამოჭრის გაფიცვის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურებას.

პროფკავშირების თქმით, გაფიცულთა მიერ კომპანიის ადმინისტრაციის შეთავაზების საპასუხოდ მომზადდა შემხვედრი წინადადება – გაფიცულთა აზრით კომპანიის შემოთავაზებას უნდა დაემატოს შემდეგი პუნქტები:

  • არ განხორციელდება სს ,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა დევნა და იძულება 2021 წლის 27 აპრილს დაწყებული გაფიცვის ლიდერობის ან მასში მონაწილეობის გამო;
  • სს ,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა მიერ საქართველოს კონსტიტუციით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე კონვენციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლების ხელშეუხებლობა;
  • კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში გაგრძელდეს დასაქმებულებს, მათ წარმომადგენლებსა და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შემდეგ საკითხებზე:
  • შრომის ანაზღაურების ყოველწლიური ინდექსაცია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების მაჩვენებლების (წლიური საშუალო ინფლაცია) შესაბამისად;
  • იმ დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატების მიზნით გადახედვა, რომელსაც კომპანიის ადმინისტრაციის 2021 წლის 1-ლი მაისის შეთავაზების მიხედვით ხელფასი ეზრდებათ 125 ლარით;
  • შრომის პირობები და სხვა სოციალური ბენეფიტები;
  • სამედიცინო დაზღვევის პაკეტის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • სს ,,რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა საკითხები.

კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, გაფიცულთა მიერ წარმოდგენილი შემხვედრი წინადადებები აბსოლუტურად ლოგიკური და მისაღებია, თუმცა, პროფკავშირების თქმით, საბოლოო შეთანხმების ტექსტის მომზადებისა და გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერის დაფიქსირებისთვის აუცილებელია, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ყველა საჭირო სტრუქტურა მუშაობდეს. შესაბამისად, ეს მოხდება 2021 წლის 4 მაისს, მანამდე კი, პროფკავშირების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწარმოს ასამუშავებლად მზადებითი სამუშაოები დაიწყება 3 მაისიდანვე.

“საგულისხმოა, რომ გაფიცულმა თანამშრომლებმა წარმომადგენლობის წერილობითი მინდობილობა მიანიჭეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლებს. შესაბამისად, შემდგომი კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესში დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირი წარმოადგენს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს თანამშრომლებმა აზოტის პროფკავშირის აღდგენის დიდი სურვილი და ინიციატივა გამოხატეს. შესაბამისად, დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტის სახელზე უკვე შევიდა 500-მდე აზოტელის განცხადება პროფკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით” ,- აცხადებენ პროფკავშირში.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი იმედს იტოვებს, რომ სს ,,რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაცია კონსტრუქციულად მიუდგება შემდგომი კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი