შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახვლედიანი ყოველთვის იყო „ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ ის უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან“.
„მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი თეა აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამადე კი მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგებლობაში, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე, კონფლიქტების მიმართულებით.
ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე, ამიტომ ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება“, – ამბობს გახარია.
მანამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ქეთევან ციხელაშვილი იკავებდა. თუმცა მაისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ის პოსტს ტოვებს. ციხელაშვილი ვენაში განლაგებულ საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოს ელჩად დაინიშნა.