ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვმუშაობთ, რათა ენგურზე თავისუფალი გადაადგილება აღდგეს” – ახვლედიანი

20 მაისი, 2021 • 1844
“ვმუშაობთ, რათა ენგურზე თავისუფალი გადაადგილება აღდგეს” – ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობის ტესტირების პროცესს გაეცნო.

„ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა გამყოფ ხაზთან ვიზიტისას.


ამ ეტაპისთვის ენგურზე თავისუფალი გადაადგილება ნებადართულია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

აფხაზეთის მოსახლეობა ფარული გზებით ცდილობს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანი დაიღუპა. ექსპერტები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამ ტრაგედიას უკავშირებდა ენგურის ხიდის ჩაკეტვასა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის დაწესებულ სავალდებულო კარანტინს.

ამჟამად საკარანტინო შეზღუდვა მოხსნილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი