ახალი ამბებისაზოგადოება

“საკლასო ოთახში ბავშვების რაოდენობა შემცირდება” – წესები სწავლის დაწყებისთვის

5 აგვისტო, 2020 • 1299
“საკლასო ოთახში ბავშვების რაოდენობა შემცირდება” – წესები სწავლის დაწყებისთვის

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებსა და  უნივერსიტეტების აუდიტორიებში გაგრძელდება, მაგრამ კონკრეტულად რა რეკომენდაციებით, ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ, ჩხენკელმა დღეს, 5 აგვისტოს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით,  საგანმანათლებლო სისტემა ყველა სცენარისთვის მზადაა და იმ ეპიდსიტუაციას მოერგება, რომელიც იმ დროისთვის იქნება აქტუალური. თუმცა, რა რეკომენდაციებისა და წესების დაცვა მოუწევთ სასწავლებლებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია. დამატებითი ინფორმაციისთვის “ნეტგაზეთი” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

ამავე ბრიფინგზე სწავლის განახლებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ის ტრადიციულ სტილში ვერ გაგრძელდება.

“კორონავირუსის 3, 5, 10 შემთხვევა, რაც გვაქვს დღეში, ეს არ არის პრობლემა სწავლის დაწყებისთვის, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლა ტრადიციულ სტილში ვეღარ გაგრძელდება. თუ აქამდე 20 ადამიანი იჯდა საკლასო ოთახში, ახლა ეს რაოდენობა შემცირდება. ამ რეგულაციებზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, თუ როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები საკლასო ოთახში, სტუდენტები -აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ასე შემდეგ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სკოლაში ყოფნის პერიოდში ბავშვებმა ხშირად უნდა დაიმუშაონ  ხელები ანტიბაქტერიული ხსნარებით, დასვენებაზე კი, დერეფანში ყოფნის დროს გამოიყენონ პირბადე.

“დარწმუნებული ვარ, დამყოლობა როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და შევძლებთ, რომ ამით ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ გავაუარესოთ”, – ამბობს გამყრელიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი